
სეტყვის გამო, „ბენეფიტსმა“ ავტომობილებზე 4 მლნ ლარის ზარალი დააფიქსირა
საქართველოში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ავტოდაზღვევის ბაზარზე მიმართვიანობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც BMG-სთან „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე აცხადებს, მხოლოდ კომპანია „ბენეფიტსმა“ ივნისის სეტყვის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების მფლობელებს 4 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.
„ჩვენმა კომპანიამ დაახლოებით, 4 მილიონი ლარის ზარალი დააფიქსირა, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული ავტომანქანების დასეტყვის გამო. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. ზოგადად ყველა სადაზღვევო კომპანიას საკმაოდ მაღალი ზარალიანობა დაუფიქსირდა, იმიტომ რომ სეტყვა არის ის კატასტროფული მოვლენა, რომელსაც ვერ აჩერებ და ვერაფერს უხერხებ. შესაბამისად, ივნისში, საკმაოდ მაღალი იყო ამ შემთხვევით გამოწვეული ზარალი,“ - ამბობს კობახიძე BMG-სთან.
ამასთან, ნინა კობახიძის განმარტებით, ავტომანქანების დაზღვევის კუთხით მოთხოვნაც გაიზარდა. თუმცა, მიუხედავად გაზრდილი ინტერესისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა ხშირად მოკლევადიანია. „ვისურვებდი, რომ ინტერესი არ იყოს მიბმული მხოლოდ კონკრეტულ სტიქიასთან. მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ დაზღვევა არ არის ფუფუნება - ეს არის ელემენტარული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილება“ - ამბობს ნინა კობახიძე.
მისივე განმარტებით, სადაზღვევო სექტორი წლიურად დაახლოებით, 10-15%-ით იზრდება, თუმცა ბაზრის სრულფასოვანი განვითარებისთვის სავალდებულო პროდუქტების დანერგვა აუცილებელია.
„აუცილებელია სავალდებულო შინაარსის პროდუქტების დაწყება, როგორიცაა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. როდესაც სახელმწიფო გამოიყენებს დაზღვევას, როგორც ფინანსური რისკების მართვის საშუალებას, მაშინ მოსახლეობაში ამ სერვისის პოპულარობა ავტომატურად გაიზრდება,“ - ამბობს ნინა კობახიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge