
შავი სიის მექანიზმი ხანგრძლივდება, ინერგება ელექტრონული კატალოგი - რა იცვლება შესყიდვებში
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ორი ახალი ინსტრუმენტი ინერგება - ჩარჩოშეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული მექანიზმები შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ბიზნესს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რეფორმის მიზანია შესყიდვების პროცესი უფრო მოქნილი, გამჭვირვალე და კონკურენტული გახდეს, ასევე სახელმწიფო რესურსების უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს.
ცვლილებები ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. პროექტი ქვეკონტრაქტორის ინსტიტუტს ცალკე არეგულირებს და განსაზღვრავს მისი შერჩევის, პასუხისმგებლობისა და კონტროლის წესებს. დოკუმენტის თანახმად, ეს ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო კომპანიების ჩართულობის ზრდას.
კანონპროექტი ამკაცრებს ე.წ. „შავი სიის“ მექანიზმსაც. ცვლილებების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ მიდგომას გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში ნასამართლევი პირების მიმართ. კერძოდ, კორუფციის, თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას შეეძლება ასეთი პირების დისკვალიფიკაცია მაღალი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებიდან.
კანონპროექტით ინერგება სახელმწიფო შესყიდვების დარეზერვების მექანიზმიც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული შესყიდვები შეიძლება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის იყოს დარეზერვებული, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ცვლილებები შეეხება ფასთა ინდექსაციის საკითხსაც. პროექტი ითვალისწინებს, რომ გრძელვადიან სახელმწიფო კონტრაქტებში ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება შესაძლებელი იქნება ფასების ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან, ფართოვდება გამარტივებული შესყიდვის გამოყენების შემთხვევებიც. კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისა და პროკურატურის წარმომადგენლებს 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვების განხორციელება გამარტივებული წესით შეეძლებათ.
დოკუმენტის მიხედვით, რეფორმის ნაწილის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. მაგალითად, „შავ სიასთან“, ჩარჩოშეთანხმებასა და ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ნორმები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული ცვლილებები - 2026 წლის 1 სექტემბრიდან. ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებული მექანიზმი კი 2026 წლის 1 ივნისიდან შევა ძალაში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი. ინიციატორები ამას სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობისა და ანტიკორუფციული მექანიზმების დროულად ამოქმედების საჭიროებით ხსნიან.
BM.GE
წყარო: bm.ge