
შეხვდა თუ არა ჩინეთში ვიზიტისას მარიამ ქვრივიშვილი CCCC-ის წარმომადგენლებს? - სამინისტროს პასუხი
ეკონომიკის სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას შეხვდა თუ არა მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტისას CCCC-ის წარმომადგენლებს - ამის შესახებ BMG-ის კითხვების საპასუხოდ უწყებიდან მიღებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა.
BMG-იმ სამინისტროს მიმართა კითხვით - შეხვდა თუ არა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გასულ კვირაში ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ დასახელებულ CCCC-ის წარმომადგენლებს, რაზედაც პასუხი რედაქციამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული "ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოს" უფროსის დავით ჯავახაძის სახელით მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ კომპანიასთან თავად სამინისტროს გარკვეული საკითხების დაზუსტების მიმართულებით მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის პროექტს და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონისა და შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. რაც შეეხება CCCC-ს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუდმივი, მჭიდრო კოორდინაცია აქვს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, რომელთანაც მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტების პროცესი", - ნათქვამია უწყების პასუხში.
გაჭიანურებული მოლაპარაკებები ანაკლიის პორტის შესახებ:
2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე ერთი წელი და 11 თვე გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.