
Shell-ის მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა
Shell-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა და ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. როგორც ირკვევა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა კომპანიამ $5.58 მილიარდი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $6.92 მილიარდი შეადგინა. სიცხადისთვის, ექსპერტები მხოლოდ $6.1 მილიარდს ვარაუდობდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის ბოლო კვარტალში ენერგოგიგანტის მოგება მხოლოდ $3.26 მილიარდი იყო.
არსებული ინფორმაციით, ფინანსური მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, 28 თებერვალს კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ენერგორესურსების ღირებულება დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, რამაც Shell-ის შემოსავლებზე პირდაპირი გავლენა იქონია. აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდების შეფერხება საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ისტორიაში ენერგოუსაფრთხოების ყველაზე მასშტაბურ საფრთხედ შეაფასა.
ამასთან, კომპანიამ აქციების უკან გამოსყიდვის მოცულობა $3.5 მილიარდიდან $3 მილიარდამდე შეამცირა. დივიდენდების ოდენობა კი 5%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე $0.39 შეადგინა. Shell-ის წმინდა ვალმა პირველი კვარტალის ბოლოს $52.6 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ბოლოს არსებულ $45.7 მილიარდს აღემატება. ანალიტიკოსების განმარტებით, ვალის ზრდა ნავთობის ფასების მატების ფონზე ინვენტარის ღირებულების ცვლილებასა და საბრუნავი კაპიტალის ეფექტს უკავშირდება.
რაც შეეხება პირველი კვარტალის სტრატეგიულ ნაბიჯებს, Shell-მა კანადური ARC Resources-ის $16.4 მილიარდად შეძენის შესახებ განაცხადა. აღნიშნული გარიგება კომპანიას Montney-ს ფიქლის აუზზე წვდომას მისცემს, რაც წარმოების მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვაელ სავანის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რესურსების ბაზას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გააძლიერებს.
კვარტალური შედეგების გასაჯაროების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე Shell-ის აქციების ფასი 2.9%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია 3,140.00 გირვანქა სტერლინგად ($39.25) იყიდება. მიუხედავად დღევანდელი კლებისა, ენერგოგიგანტის საბაზრო ღირებულება წლის დასაწყისიდან ჯამში 15%-ითაა გაზრდილი.