
"შემდეგი 3-5 წელი ვიმოძრავებთ ხელოვნური ინტელექტის და სუპერ აპების განვითარებისკენ" - "ალდაგი"
“ალდაგი” მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის და სუპერ აპების მიმართულებით განვითარებაზე იმუშავებს. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გაციფრულებაში კომპანია უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
"ჩვენ სტრატეგია ორი წლის წინ დავამტკიცეთ და გადავწყვიტეთ, რომ სამი წლის თავზე ნებისმიერი სერვისი, რასაც ჩვენი მომხმარებელი მიიღებს, უნდა მიიღოს ციფრულად. ანუ საშუალება უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, რომ აირჩიოს, ციფრულად უნდა მიიღოს თუ უშუალოდ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი ინვესტირება, გვყავს ყველაზე დიდი გუნდი იმ ადამიანების, ვინც მუშაობს ჯგუფის მასშტაბით ამ კუთხით ინვესტირებაზე. ინვესტირებას ვაკეთებთ როგორც თანხობრივ, ასევე ადამიანური კაპიტალის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც სადაზღვევო პროდუქტის ყიდვის, ასევე ზარალის ანაზღაურების მომენტში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ხელოვნური ინტელექტის კომპონენტები, რათა მომხმარებელს ეს პროცესი გაუმარტივდეს.
"სიმარტივე იქნება ყველაფრის ცენტრში. ჩვენი სტრატეგიაა სიმარტივე. ჯგუფში „არდი“ პირველი იყო, რომელმაც შარშან სუპერ აპი გაუშვა. მსგავსი აპლიკაცია დღეს ბაზარზე არ არის და ამ კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინათ სუპერ აპი. დღეს ეს აღიარებულია, როგორც ნომერ პირველი აპლიკაცია. ამიტომ ეს აუცილებლად იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში, რომ ხელოვნური ინტელექტის და გაციფრულების მიმართულებით უფრო და უფრო მეტი დავაინვესტიროთ”, - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, "ალდაგი", ისევე როგორც "არდი" და "იმედი L"-ი, Georgia Capital-ის სადაზღვევო ჯგუფში შედის. Georgia Capital-ის სადაზღვევო ჯგუფმა 2025 წელი მოზიდულ პრემიებში 25%-იანი ზრდით დაასრულა. ჯგუფს ამჟამად სადაზღვევო ბაზრის 34%-იანი წილი აქვს და 400 000-ზე მეტი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს.