
შერწყმის შემდეგ, Fitch-მა “ბაზის ბანკის” და“ლიბერთი ბანკის” პერსპექტივა გაზარდა
Fitch-მა “ბაზის ბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” ყიდვის ფონზე ორივე ბანკის შეფასებას გადახედა და მათი პერსპექტივა გააუმჯობესა.
კერძოდ, 5 მაისს განახლებული შეფასებით, ორივე ბანკის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გაიზარდა, რეიტინგი კი 'B+' დონეზე დარჩა.
ბანკის ნასყიდობის ხელშეკრულება 16 აპრილს გაფორმდა. საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ანუ 95.99%-ის აქციები 674.1 მილიონ ლარად [250 მილიონ დოლარად] გაიყიდა.
Fitch "ლიბერთი ბანკისთვის" პოტენციურ მხარდაჭერას ელის მისი ახალი მფლობელისგან იმ ფონზე, რომ “ლიბერთი" "ბაზის ბანკის" ჯგუფის ძირითად ნაწილად იქცა განსაკუთრებით საცალო სესხების სფეროში. სარეიტინგო სააგენტო ასევე მიუთითებს აქტივების კარგ ხარისხზე, მაღალ მოგებიანობასა და გონივრულ დაფინანსების პროფილზე.
რეიტინგზე დადებითად მოქმედ ფაქტორებში აღნიშნულია, რომ ძლიერი ეკონომიკური პირობები, რომლებიც პოლიტიკური დაძაბულობის მიმართ მდგრადები რჩებიან, კვლავაც უჭერს მხარს ბანკების მაჩვენებლებს. სააგენტო საქართველოში 2026-2027 წლებში საშუალოდ 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
პოზიტიურ ჭრილშია აღნიშნული "ლიბერთი ბანკში" სესხების სტაბილური ხარისხი და ზრდა, ასევე სექტორზე დაბალი დოლარიზაცია. ბანკს Fitch-ის რეიტინგის მქონე ქართულ ბანკებს შორის სესხების დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე აქვს.
Fitch ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერიოდში "ლიბერთის" საოპერაციო მოგების/რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების თანაფარდობა 2026 წელს დროებით შემცირდება 2%-ზე ქვემოთ, ძირითადად "ბაზის ბანკთან" ინტეგრაციასთან დაკავშირებული დამატებითი საოპერაციო ხარჯების, ოდნავ მაღალი რისკის ხარჯებისა და თანდათანობით შემცირებული მარჟების გამო.
სარეიტინგო სააგენტო პოტენციურად ნეგატიური მოქმედების ფაქტორებში აღნიშნავს, რომ პერსპექტივა შესაძლოა "სტაბილურამდე" გადაიხედოს, თუ ორი ბანკის დაგეგმილი ინტეგრაცია ვერ განხორციელდება და ჯგუფში "ლიბერთი ბანკის" როლის ან მშობელი კომპანიის მხარდაჭერის უნარის მათი შეფასება შესუსტდება.
რაც შეეხება "ბაზის ბანკის" შეფასებას, სარეიტინგო სააგენტო ელის, რომ შესყიდვას, სავარაუდოდ, დადებითი საშუალოვადიანი საკრედიტო ასახვა ექნება კონსოლიდირებული ჯგუფისთვის, რაც განპირობებულია გაცილებით დიდი ბიზნეს მასშტაბით, გაძლიერებული კონკურენტული პოზიციითა და უფრო მეტი დივერსიფიკაციით.
ქვეყნის ზოგადი ეკონომიკის შეფასების ნაწილში ხაზგასმულია, რომ ძლიერი ეკონომიკა ბანკებს მხარს უჭერს. Fitch-ის თანახმად, ირანის კონფლიქტის შედეგების ასახვა ჯერჯერობით შეზღუდულია საბანკო სექტორისთვის, ადგილობრივი ვალუტისა და ეკონომიკური ზრდისთვის.
"ბაზის ბანკის" პერსპექტივა შეიძლება შემცირებისკენ გადაიხედოს, თუ ბანკის კაპიტალიზაცია "ლიბერთისთან" კონსოლიდაციის შემდეგ Fitch-ის მოლოდინზე მეტად შემცირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge