
შევა თუ არა აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ცვლილებები? - სამინისტროს განმარტება
"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში”, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა, შესაძლოა, მალე ცვლილებები შევიდეს, რომელიც ბენეფიციარების დაფინანსების პირობებს და ბანკებთან ურთიერთობას შეეხება.
კერძო სექტორის ინფორმაციით, განიხილება მოდელი, როცა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ბიზნესგეგმის მოწონების და ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თანხა, რომელიც მეწარმემ პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა მიიღოს, შესაძლოა, ბანკში დეპოზიტზე განთავსდეს, რაც ბანკისთვის სესხის გაცემისას დამატებითი გარანტია იქნება.
ცვლილებების საჭიროება განახლებული სახელმწიფო პროგრამის ახალი მოდელით გაწერილმა წესებმა განაპირობა. თუ თითქმის 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბენეფიციარს ბანკის მიერ დამტკიცებულ სესხს უსუბსიდირებდა, ახლა პირველად გადაწყვეტილებას თავად სოფლის განვითარების სააგენტო იღებს. ბიზნესგეგმას და პროექტს ჯერ სწორედ სააგენტო აფასებს და სააგენტოსგან მოწონებული პროექტი და გაფორმებული ხელშეკრულება კი აგრობიზნესმენს შეუძლია ბანკში წარადგინოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის შემდეგ გაიცემა.
მიდის თუ არა საბანკო სექტორთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს თანადაფინანსების წილის დეპოზიტზე განთავსებასთან დაკავშირებით - BMG-ს ამ კითხვაზე საპასუხოდ დავით სონღულაშვილის უწყება ასეთ განმარტებას იძლევა:
“აგროთანადაფინანსების პროგრამის შემუშავების ეტაპზე განიხილებოდა სახელმწიფოს თანადაფინანსების თანხის Escrow ანგარიშზე განთავსების შესაძლებლობა, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული მექანიზმი პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. სამომავლოდ, პროგრამის განხორციელების პროცესისა და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, საკითხი შესაძლოა დამატებით იქნეს განხილული”.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ამ დროისთვის მხოლოდ 6 ბანკია ჩართული.
ფერმერთა ასოციაციის შეფასებით, აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში მთავარი პრობლემა ხარჯების „პოსტ-ფაქტუმ“ დაფარვის მოდელია, რის გამოც ფერმერს არ აქვთ საბოლოო გარანტია, რომ სამინისტრო პროექტს აუცილებლად მოიწონებს და თანხას გასცემს. ასოციაციოს თავმჯდომარის მოადგილემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ გაზრდილი რისკების გამო, ბანკები ფერმერებისგან მაღალ უზრუნველყოფას და ლიკვიდურ აქტივებს ითხოვენ. საშუალო ზომის საოჯახო მეურნეობებს კი, რომლებიც დარგის ბირთვს წარმოადგენენ, მსგავსი აქტივები არ გააჩნიათ, რაც პროგრამას მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის ხდის ხელმისაწვდომს.
ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერები აქტიურად გადიან კონსულტაციებს, თუმცა რთული კრიტერიუმების გამო, ბევრი მათგანი განაცხადის გაკეთების სხვადასხვა ეტაპზე ეთიშება პროცესს. შესაბამისად დაბალია პროგრამით სარგებლობის მასშტაბიც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ამოქმედებიდან 2 თვის თავზე სოფლის განვითარების სააგენტომ მხოლოდ 8 პროექტი მოიწონა. სამინისტრო არ გვიზუსტებს ინფორმაციას, რამდენი განაცხადიდან შეირჩა აღნიშნული პროექტები.
BM.GE
წყარო: bm.ge