
შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსება - გიორგი ჯინჭარაძე
"რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსების მოცულობა",- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა.
მისი ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ახალ პროგრამებზე და ინიციატივებზე იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას აგრძელებს. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდას ეთმობა.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დევნილი ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, წელს მნიშვნელოვნად გაგვეზარდა დაფინანსება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ.
დღეს, ასევე წარმოდგენილია 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი. აღსანიშნავია, რომ რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და გავზარდეთ პროგრამული დაფინანსების მოცულობა.
ასევე, ვიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმას საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით. სამინისტროებში ვნერგავთ ოთხწლიანი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პრაქტიკას.
აღნიშნული მიდგომა გაზრდის სამინისტროების საქმიანობის გამჭვირვალობას და გააუმჯობესებს ანგარიშგების ხარისხს, რაც პირდაპირ აისახება დევნილთა კეთილდღეობისკენ მიმართული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.
მინდა დავაინიცირო კიდევ ერთი სიახლე... მიმდინარე წელს დაფინანსდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ინიციატივები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 290 000 ლარი. უკვე დაწყებულია საპროექტო განაცხადების მიღება საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიმართულებებით.
ასევე, დაგეგმილია ორი ახალგაზრდული ბანაკის ორგანიზება, სადაც 100-მდე დევნილი ბენეფიციარი ჩაერთვება არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
BM.GE
წყარო: bm.ge