
შობადობის კლება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა - რამდენად მდგრადია ევროპის საპენსიო სისტემები?
ნიდერლანდები მსოფლიოში საუკეთესო საპენსიო სისტემის მქონე ქვეყანაა, თუმცა მაღალი პენსიების უზრუნველყოფა და მათი გრძელვადიანი დაფინანსება ევროპის სხვა ქვეყნებისთვის სულ უფრო რთული ხდება. Marsh-ისა და CFA Institute-ის 2026 წლის გლობალური საპენსიო ინდექსი მიუთითებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და შობადობის შემცირების ფონზე, პენსიონერთა რაოდენობა იზრდება, სამუშაო ასაკის მოსახლეობა კი მცირდება. შედეგად, ქვეყნებს სულ უფრო მეტად უწევთ ფიქრი იმაზე, როგორ შეინარჩუნონ საპენსიო შემოსავლები ისე, რომ სისტემის ფინანსური მდგრადობა არ დააზიანონ.
ინდექსი 55 ქვეყნის საპენსიო სისტემას აფასებს და არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად მაღალია პენსია. შეფასებისას ასევე გათვალისწინებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას არსებული მოდელის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება და რამდენად გამართულია საპენსიო სისტემის მართვის მექანიზმები.
რეიტინგში პირველ ადგილს ნიდერლანდები იკავებს 100-დან 85.8 ქულით. მას მოსდევს დანია 84.1 ქულით, მესამე ადგილზე კი ისლანდიაა 84 ქულით.
კვლევიდან ვიგებთ, რომ ნიდერლანდების უპირატესობა სახელმწიფო პენსიისა და დამატებითი საპენსიო დანაზოგების კომბინაციაა. დასაქმებულთა დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი საპენსიო სქემები მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საპენსიო ასაკში მხოლოდ სახელმწიფო დახმარებაზე არ იყვნენ დამოკიდებული. ამასთან, საპენსიო აქტივების საინვესტიციო შესაძლებლობები სისტემის დაფინანსებას დამატებით რესურსს უქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა რეიტინგის მოწინავე პოზიციებზეა, მთელ რეგიონში მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის. შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია მაღალ პოზიციებს იკავებენ, თუმცა ესპანეთს, პოლონეთს, იტალიასა და ავსტრიას საპენსიო სისტემების მდგრადობის მიმართულებით მეტი გამოწვევა აქვთ.
ამის ნათელი მაგალითი ესპანეთისა და საფრანგეთის შედეგებია. ესპანეთმა საპენსიო შემოსავლების ადეკვატურობის მიმართულებით 83 ქულა მიიღო, თუმცა გრძელვადიანი მდგრადობის მაჩვენებელი მხოლოდ 33 ქულაა. საფრანგეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 85 და 49.3 ქულას შეადგენს. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ პენსიონერებისთვის შედარებით მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქვეყანას მისი დაფინანსება მომავალშიც იმავე პირობებით შეეძლება.
მთავარი პრობლემა დემოგრაფიული ცვლილებებია. როდესაც ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, პენსიის მიღების პერიოდიც იზრდება. ამავდროულად, შობადობის შემცირება მომავალში დასაქმებულთა რაოდენობას ამცირებს. ეს განსაკუთრებით აისახება იმ საპენსიო სისტემებზე, რომლებშიც დღევანდელი დასაქმებულების შენატანები დღევანდელი პენსიონერების პენსიებს აფინანსებს: თუ პენსიონერთა რაოდენობა იზრდება, შენატანების გადამხდელთა რაოდენობა კი მცირდება, სისტემის ფინანსური დატვირთვაც მატულობს.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დამატებითი საპენსიო დანაზოგების განვითარებაზე, დაფინანსების მექანიზმების გაძლიერებასა და საპენსიო ასაკის გადახედვაზე. დამატებითი დაგროვებითი სქემები მოქალაქეებს სახელმწიფო პენსიის გარდა შემოსავლის სხვა წყაროს უქმნის, თუმცა მათი ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფართოდ იქნება ეს მექანიზმები ხელმისაწვდომი.
საბოლოოდ, ევროპის ქვეყნებისთვის მთავარი ამოცანა მხოლოდ პენსიების დღევანდელი ოდენობის შენარჩუნება აღარ არის. მათ ისეთი სისტემების შექმნა სჭირდებათ, რომლებიც მოქალაქეებს საპენსიო ასაკში სათანადო შემოსავალს შეუნარჩუნებს და ამავე დროს, დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, გრძელვადიანად დაფინანსებადი იქნება.
BM.GE
წყარო: bm.ge