
შშმ პირების პერსონალური ასისტენტები საშემოსავლო გადასახადს 2% გადაიხდიან | კანონპროექტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების წესი იცვლება.
"ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით ცვლილება შედის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, თუ პერსონალური ასისტენტი სერვისს გასწევს ფიზიკური პირი, მისი ანაზღაურება დაიბეგრება სპეციალური შეღავათიანი რეჟიმით 2%-ით (ნაცვლად ზოგადი 20%-ისა), ხოლო იმ პერსონალური ასისტენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირებად, არსებული დაბეგვრის რეჟიმი უცვლელად შენარჩუნდება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პერსონალური ასისტენტის საქმიანობა თავისი არსით მომსახურებას წარმოადგენს. შშმ პირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველაზე მოქნილ და ეფექტიან საშუალებას სწორედ მომსახურების ხელშეკრულება და არა შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს.
ამასთან, ცვლილების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ არ განსაზღვრავდა, თუ რა სახის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სერვისის მიმწოდებელსა და ასისტენტს შორის. პრაქტიკაში ასეთი ხელშეკრულებები ისედაც ფორმდებოდა, თუმცა სფეროში სწორი პრაქტიკის დასანერგად აუცილებელი გახდა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება.
BM.GE
წყარო: bm.ge