
შსს-დან პროკურატურაში - ვინ არის გენერალური პროკურორის ახალი პირველი მოადგილე
გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა.
უწყების ცნობით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მან ამ პოსტზე ზურაბ ბელთაძე შეცვალა, რომელიც პროკურატურაში რჩება, თუმცა მუშაობას გენერალური პროკურორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.
კახაბერ მურადაშვილს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა როგორც პროკურატურის სისტემაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კახა მურადაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები:
• განათლება: იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. • კარიერა პროკურატურაში: მურადაშვილმა საგამოძიებო უწყებაში მუშაობა 2006 წელს, სტაჟირების კონკურსის გავლის შემდეგ, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად დაიწყო. • 2013-2016 წლებში ის იყო მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. • 2016-2017 წლებში იკავებდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის პოსტს. • 2017-2018 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული პროკურორი. • საქმიანობა შსს-ში: 2018 წლიდან 2026 წლამდე კახა მურადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა, სადაც სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. მათ შორის, იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (გამოძიების ხაზით) და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
BM.GE
წყარო: bm.ge