
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა - მათგან 55 რეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთაგან 55 პირი ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული. ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები. გარდა ამისა, ამოღებულია ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
დავით კიკნაძის თქმით, შსს-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ „უკომპრომისო ბრძოლა“ წარმოადგენს და უწყება, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების კონტროლს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 263-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge