
შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.6%-ით გაზრდის - მსოფლიო ბანკი
"შუა დერეფნის" განვითარება საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში დამატებით 3.61%-ით გაზრდის, დასაქმებას კი - 0.79%-ით. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში "ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ" წერია.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "შუა დერეფანს" აქვს პოტენციალი მოგვევლინოს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად და მოიტანოს ეკონომიკური სარგებელი. მსოფლიო ბანკის შეფასებით, დერეფნის განვითარება მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებს ჯამში 3.3%-ით, ხოლო დასაქმებას 2.9%-ით გაზრდის, ამ სარგებლის მისაღებად კი ქვეყნებმა ინვესტიციებთან ერთად უნდა განახორციელონ პოლიტიკური, ინსტიტუციური და ოპერაციული რეფორმები.
ეს სარგებელი განპირობებულია სატრანსპორტო ბარიერების შემცირებით, მომარაგების ჯაჭვების საიმედოობის გაზრდითა და ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებით დერეფნის გასწვრივ განთავსებულ ცხრა ქვეყანაში: აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
"ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში (TCTC), რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შუა დერეფნის სახელწოდებით, ინვესტირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს. პირველ რიგში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებისა და სავაჭრო-სატრანსპორტო ხარჯების შემცირების ფონზე. მაკროეკონომიკური მოდელირება მოწმობს, რომ პროექტს დადებითი, თუმცა მასშტაბით განსხვავებული ეფექტი ექნება თითოეული მონაწილე ქვეყნის მშპ-სა და დასაქმების მაჩვენებლებზე.
საშუალოდ დერეფანში მდებარე ქვეყნების ეკონომიკებში მთლიანი შიდა პროდუქტის გრძელვადიანი ზრდა დაახლოებით 3.3% იქნება. პროგნოზის თანახმად, შედარებით მსხვილ ეკონომიკებს როგორიცაა ყაზახეთი და თურქეთი ყველაზე დიდი ზრდა ექნებათ. მცირე და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ეკონომიკები მათ შორის, სომხეთი და ყირგიზეთი სავარაუდოდ, უფრო მაღალ სარგებელს ნახავენ", - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყანა ნახავს სარგებელს და დასაქმების ზრდის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.9% იქნება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2040 წლამდე საჭირო იქნება 25 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, განსაკუთრებით სარკინიგზო ქსელებში, საზღვაო პორტებსა და გზებზე.
BM.GE
წყარო: bm.ge