
"შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ლოგიკურია, თუმცა დენის ტარიფის შემცირებას არ უნდა ველოდოთ" - რატომ?|ინტერვიუ
“საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განახორციელებს, რაც სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაუზოგავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბერს.
ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს “თბილისის საინვესტიციო ჯგუფი”; რუსეთიდან - შპს Lux Energy; სომხეთიდან კი - შპს “თრეიდინგ სოლუშენსი”. მთავრობის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, არცერთი შუამავალი კომპანია არ გამოხმაურებია.
12 ოქტომბერს კი, BMG-ის შესაბამისი კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე და უფრო იაფად შესყიდვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩართულობით მოხერხდა და წინა ფასთან შედარებით, ქვეყანა 0.2 დოლარცენტით ნაკლებს იხდის.
"საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარზე და ეს, რა თქმა უნდა, ტარიფზე აისახება", - თქვა ირაკლი კობახიძემ. რამდენად რეალურია, "შუამავლების" ჩახსნა საყოფაცხოვრებო ტარიფზე აისახოს, როცა საქართველოში დენის ტარიფს სემეკი 5 წლით ადგენს და სხვა კითხვებით, BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს და ასევე, სემეკს მიმართა. პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია.
ენერგეტიკოს მიხეილ ოდიშარიას შეფასებით კი, ელექტროენერგიის იმპორტიდან შუამავალი კომპანიების ჩახსნა დადებითი და ლოგიკური ნაბიჯია, თუმცა ეს მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფის გაიაფებას არ გამოიწვევს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, იმპორტირებული ელექტროენერგია ჯერ ესკოს საბალანსო ელექტროენერგიის კალათაში შედის, სადაც ის შიდა სადგურების გამომუშავებას ერევა და საშუალო შეწონილ ფასს ქმნის. საყოფაცხოვრებო ტარიფს კი, სემეკი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებისთვის წინასწარ ადგენს, ამიტომ საბითუმო ფასის ცვლილება მოსახლეობამდე მხოლოდ ტარიფის მომდევნო გადახედვისას თუ მიაღწევს. ენერგეტიკოსის თქმითვე, ამ ჯაჭვში პრემიერის მიერ დასახელებული „დაზოგილი რამდენიმე მილიონი" იმდენად მცირეა, რომ მოსახლეობის ტარიფზე ვერ აისახება.
“გარდა ამისა, ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება და ქსელში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, რაც მომავალში ტარიფის კლების ტენდენციას გამორიცხავს”, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება 2016 წელს ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიების გაჩენას და მათ დანიშნულებას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ პროცესზე ზუსტი და საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.
მისი თქმით, შუამავალი ტრეიდერი სარგებელს მაშინ ქმნის, როცა ბაზარზე რამდენიმე გამყიდველი და მყიდველია და ის ფასებს შორის სხვაობის პოვნით იაფ წყაროს არჩევს. აზერბაიჯანის მიმართულებაზე კი, ერთ მხარეს ერთი სახელმწიფო გამყიდველი იყო, მეორე მხარეს - ესკო, ხოლო საზღვარზე მხოლოდ ერთი გადამყიდველი. ასეთ პირობებში კონკურენცია ვერ ჩნდებოდა, ამიტომ ამ რგოლის არსებობა თავიდანვე კითხვის ნიშნებს აჩენდა.
ინტერვიუ მიხეილ ოდიშარიასთან
- როგორც ცნობილია, 2016 წლამდე საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას სახელმწიფო კომპანიების დონეზე ყიდულობდა. 10 წლის შემდეგ კი, მთავრობამ გადაწყვიტა, შუამავალი რგოლების ჩახსნა. რატომ გაჩნდნენ შუამავალი კომპანიები, რით აიხსნა მაშინ ეს გადაწყვეტილება - რა არის ცნობილი საჯაროდ?
- ჩემი მხრიდან დღეს რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ჩაერთნენ შუამავალი კომპანიები ელექტროენერგიის იმპორტში, რადგან ამ გადაწყვეტილებაზე საჯარო ინფორმაცია მწირია, თუმცა შემიძლია ავხსნა, რა გარემოში მოხდა ეს.
საქართველოს მეზობლებთან ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ყოველთვის ორმხრივ, გრძელვადიან ხელშეკრულებებს ეფუძნებოდა. ჩვენ არ გვქონია თანამედროვე ვაჭრობის მექანიზმები, როგორიცაა ბირჟების მეშვეობით ორი ქვეყნის ბაზრების დაკავშირება ან მოკლევადიანი (short-term) ვაჭრობა. ევროპაში ქვეყნებს შორის ვაჭრობა საერთო კანონმდებლობით რეგულირდება და ბევრი მონაცემი საჯაროა. ჩვენთან კი თითოეული ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი: საქართველოს თავისი კანონმდებლობა აქვს, აზერბაიჯანს თავისი, და საერთო წესები არ არსებობს. ენერგეტიკული გაერთიანების ტრანსსასაზღვრო წესებიც საქართველოზე ჯერ არ ვრცელდება, რადგან ის გაერთიანების სხვა წევრებთან ან ევროკავშირთან ფიზიკურად დაკავშირებული არ არის.
ერთადერთი გამონაკლისი თურქეთის საზღვარია, სადაც ვაჭრობა შედარებით საბაზრო პრინციპებით მიმდინარეობს: ცხადდება ტენდერი, ექსპორტისთვის არსებობს პრიორიტეტული ჯგუფები, დარჩენილი მოცულობები კი საბაზრო პრინციპებით იყიდება.
აზერბაიჯანის მიმართულებაზე სხვა სურათია. იქ ექსპორტს ერთი სახელმწიფო, ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია ახორციელებს. გერმანიის მსგავსი ლიბერალიზებული ბაზარი რომ ყოფილიყო, სადაც ბევრი გამყიდველია, ვაჭრობაც სხვაგვარად წარიმართებოდა. როცა მეორე მხარეს ერთადერთი მიმწოდებელია, კონკურენტულ შესყიდვაზე საუბარი რთულია.
- პრაქტიკაში როგორ მუშაობდა შუამავალი კომპანიების ჩართულობის ელექტროენერგიის იმპორტის სქემა ბოლო 10 წლის განმავლობაში და რამდენად გამჭვირვალე იყო პროცესი?
- ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი საპროგნოზო ბალანსებია, რომლითაც დგინდება, მომდევნო თვეს დეფიციტი გვექნება თუ პროფიციტი. თუ სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) პროგნოზით დეფიციტია, ესკო იწყებს იმპორტის წყაროების მოძიებას. შეთავაზებებს ის ფასის მიხედვით ალაგებს, სსე კი ამოწმებს, რამდენად შესაძლებელია მათი ტექნიკურად მიწოდება. ამ ჯაჭვში აზერბაიჯანის მიმართულებაზე გვყავდა შუამავალი კომპანია. ახლა ეს ერთი რგოლი ვარდება. ბაზრის მოდელი ამით არ იცვლება. ეს არ არის რეფორმა: უბრალოდ, ერთი რგოლი გამოაკლდება და ვაჭრობა ისევ ისე გაგრძელდება.
გამჭვირვალობის კუთხით, იმპორტის კონკრეტული ხელშეკრულებები და ფასები საჯარო არ ყოფილა. ესკო მხოლოდ საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასს აქვეყნებს, ამიტომ გარედან შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენი დაუჯდა სისტემას თითოეული წყარო.
იმპორტირებული ელექტროენერგია საბალანსო ელექტროენერგიის კალათაში შედის, შიდა სადგურების გამომუშავებას ერევა და გავლენას ახდენს საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე, რომელიც დღეს საბითუმო ბაზრის მთავარი ფასია. საყოფაცხოვრებო ტარიფს კი სემეკი წინასწარ ადგენს, ამიტომ იმის მოლოდინი, რომ ამ ცვლილებამ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე იმოქმედოს, რეალისტური არ არის. საბითუმო ბაზარზეც კი მინიმალური გავლენა ექნება, რადგან საერთო კალათასთან შედარებით თანხა იმდენად მცირეა, რომ ფასის ჩვეულებრივ ყოველთვიურ რყევებში ძნელად შესამჩნევი იქნება.
- რა არის მიზერული: უშუალოდ ფასნამატი თუ ის რამდენიმე მილიონი ლარი, რომლის დაზოგვაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს?
- წლიურ ჭრილში რამდენიმე მილიონი ლარი, საერთო კალათასთან შედარებით, ძალიან მცირე რიცხვია და საბითუმო ბაზრის ფასზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. ამის მიზეზი მარტივია: დანაზოგი მხოლოდ აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ მოცულობას ეხება. ეს მოცულობა მთლიანი იმპორტის მხოლოდ ნაწილია, იმპორტი კი, თავის მხრივ, საბალანსო კალათის ნაწილია, სადაც შიდა ჰიდრო და თბოსადგურები დომინირებს. გარდა ამისა, იმპორტი ძირითადად ზამთრის თვეებში შემოდის, ამიტომ ეფექტიც ძირითადად ზამთარში იქნება და წლის დანარჩენ პერიოდში პრაქტიკულად არ იგრძნობა.
- რა იყო ამ შუამავალი კომპანიებით ვაჭრობის სქემის დადებითი და უარყოფითი მხარე თუ სახელმწიფო სარგებელს საერთოდ არ იღებდა და მხოლოდ კომპანიები ხეირობდნენ?
- ამის შეფასება რთულია. შუამავლით ქვეყნისთვის სარგებლის მიღება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საზღვარზე კონკურენციაა: რამდენიმე ტრეიდერი ერთმანეთს ეჯიბრება, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასით მიაწოდოს ელექტროენერგია. არსებული მწირი ინფორმაციით და რეალობით, სადაც საზღვარზე ერთი ტრეიდერია, ხოლო მეორე მხარეს ერთი სახელმწიფო მიმწოდებელი, ტრეიდერის დანიშნულება ფაქტობრივად იკარგება. ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს რგოლი ამოღებულ იქნა. თუ რატომ ჩასვეს თავდაპირველად, ეს უკვე კომპლექსური კითხვაა, რაზედაც პასუხი არ მაქვს.
- მთავარი კითხვა თქვენთვისაც, როგორც ენერგეტიკოსისთვის, ის არის, რატომ ჩაისვა ეს რგოლი თავის დროზე ვაჭრობაში და რატომ ამოვარდა მაინცდამაინც ახლა?
- რა თქმა უნდა, ორივე კითხვაზე საინტერესო იქნებოდა პასუხი, თუმცა ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. რაც შეეხება „რატომ ახლა", ჩემი აზრით, ლოგიკური კავშირი მიმდინარე წლის მაისში ბაქოში ხელმოწერილ სამთავრობათაშორისო შეთანხმებასთანაა: როცა ვაჭრობის ჩარჩო უკვე სახელმწიფოებს შორის არსებობს, შუამავალი რგოლი ზედმეტი ხდება. განვითარებულ ქვეყნებში სიტუაცია სხვაგვარია: ბევრი ტრეიდერი ეჯიბრება ერთმანეთს, რომ ყველაზე იაფი წყარო იპოვონ, ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობა კი აუქციონზე ნაწილდება. როცა ხაზით სარგებლობის მსურველი მეტია, ვიდრე მისი გამტარუნარიანობა, ტრეიდერები ამ უფლებისთვის ფასს იხდიან. ეს თანხა, ე.წ. გადატვირთვიდან მიღებული შემოსავალი (congestion income), გადამცემი სისტემის ოპერატორთან რჩება და ევროპაში ის ქსელის განვითარებას ან ტარიფის შემცირებას ხმარდება.
- რატომ გვყავდა მხოლოდ ერთი გადამყიდველი? რატომ არ იქმნებოდა კონკურენცია?
- ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა სტრუქტურული ახსნა არსებობს. საქართველოში იმპორტიორად რეგისტრაცია ღიაა, ანუ ფორმალურად ნებისმიერ კომპანიას შეეძლო ბაზარზე შესვლა, მაგრამ როცა საზღვრის მეორე მხარეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო მიმწოდებელია, სწორედ ის წყვეტს, ვის მიჰყიდის ელექტროენერგიას. თუ მიმწოდებელი ერთ კონკრეტულ ტრეიდერთან მუშაობს, სხვა ტრეიდერს, რეგისტრაციის მიუხედავად, ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს და კონკურენცია ვერ ჩნდება. ამიტომ თავად სქემა, სადაც მხოლოდ ერთი გადამყიდველია და სხვა არ ჩნდება, თავიდანვე კითხვის ნიშნებს აჩენდა.
- ავხსნათ - კონკურენციის შემთხვევაში, რა სარგებელს მიიღებდა ქვეყანა შუამავალი კომპანიების ანუ ე.წ. “ტრეიდერების” ჩართულობიდან?
- კონკურენცია ქვეყანას ორმაგ სარგებელს მოუტანდა. პირველი, ფასი: რამდენიმე გადამყიდველის არსებობისას გაჩნდებოდა სხვადასხვა შეთავაზება, ესკო კი ყველაზე იაფს შეარჩევდა, რაც საბალანსო ელექტროენერგიის ფასს შეამცირებდა. მეორე, დამაკავშირებლით სარგებლობის უფლება: თუ დამაკავშირებლით სარგებლობის მსურველი მეტია, ვიდრე მისი გამტარუნარიანობა, ეს უფლება აუქციონზე ნაწილდება და მას ის იღებს, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში ტრეიდერები ენერგოსისტემას თვითონ უხდიან თანხას, რაც ქვეყანაში რჩება. ჩვენთან კონკურენცია არ ყოფილა, ფასი კონკურენციით არ ყალიბდებოდა და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რადგან კონკურენცია არ არსებობდა, ეს სქემა ერთგვარი კორუფციული მოდელი იყო?
- ასეთი ბრალდების წაყენება რთულია. ფორმალურად ბაზრის წესები ამის საშუალებას იძლეოდა: იმპორტიორად რეგისტრაცია ნებისმიერ კომპანიას შეეძლო. როდესაც არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასეთი განცხადების გაკეთება მართებული არ არის. ამის შეფასება შესაბამისი ორგანოების საქმეა. ჩემი, როგორც ენერგეტიკოსის, საქმე ბაზრის მოდელის ანალიზია, და ამ მოდელში ერთი გადამყიდველი კონკურენციას ვერ ქმნიდა.
- თქვენ „სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც“ მუშაობდით. ენერგეტიკულ წრეებში, კულუარებში მაინც რას ამბობდნენ - რატომ გახდა საჭირო შუამავლის გაჩენა?
- როდესაც ვმუშაობდი, ეს სქემა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პროფესიულ წრეებში ეს მოდელი არ მოსწონდათ, რადგან ის კონკურენციას ვერ ქმნიდა. სპეციალისტების უმეტესობას ევროპული მიდგომა ურჩევნია, სადაც იმპორტის ფასი ბირჟაზე ან აუქციონზე ყალიბდება, ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობა გამჭვირვალედ ნაწილდება და ბაზარზე ბევრი მონაწილე ერთმანეთს ეჯიბრება.
- როგორ აფასებთ ახალ სქემას, სადაც ელექტროენერგიის იმპორტს სახელმწიფო შუამავლის გარეშე განახორციელებს?
- ახალი მოდელი ბევრად უფრო ლოგიკურია. ვერც ადრე ვხედავდი ამ გადამყიდველის საჭიროებას: თუ ერთ მხარეს ერთი სახელმწიფო მიმწოდებელია, არ არსებობს ლიკვიდურობა და ფასის არბიტრაჟი, ანუ არც ბევრი გამყიდველი და მყიდველი, და არც ფასებს შორის სხვაობა, რომლის პოვნითაც ტრეიდერი ფულს გამოიმუშავებდა. ასეთ პირობებში გადამყიდველი ზედმეტია, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას დადებითად და ლოგიკურად ვაფასებ.
თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ შუამავლის ამოღება კონკურენციას არ ქმნის. ეკონომიკაში ბაზრის ეფექტიანობას სოციალური კეთილდღეობით (social welfare) ზომავენ, ანუ იმ ჯამური სარგებლით, რასაც ვაჭრობიდან მყიდველიც და გამყიდველიც იღებს. ეს სარგებელი მაქსიმალურია მაშინ, როცა ფასი ბევრი მონაწილის კონკურენციით ყალიბდება. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული ევროპული ბაზრების დაწყვილება: ელექტროენერგია ავტომატურად იაფი ზონიდან ძვირისკენ მიედინება. როცა ფასზე ორი სახელმწიფო თანხმდება, ის მოლაპარაკებით დგინდება და არა ბაზრით.
- როგორია საერთაშორისო პრაქტიკა იმ ქვეყნებში, სადაც ენერგობაზრის ლიბერალიზაცია განხორციელდა?
ევროპულმა ენერგოსისტემამ მთლიანი კონტინენტი ერთიან სხეულად წარმოიდგინა და კომერციული ნაწილი მასზე დააშენა. 1990-იან წლებში ევროპაშიც ვაჭრობა ეროვნულ კომპანიებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებებით მიმდინარეობდა. ევროპამ დაინახა, რომ ეს არაეფექტურია: ფასები სწორად ვერ ნაწილდებოდა, ქვეყნებს შორის დამაკავშირებლები კი ეფექტურად არ გამოიყენებოდა. ამიტომ ევროპა ორმხრივი ხელშეკრულებებიდან ენერგობირჟებზე და ბაზრების დაწყვილებაზე გადავიდა, სადაც ქვეყნებს შორის გამტარუნარიანობა და ელექტროენერგიის ფასი ერთდროულად, ერთი ალგორითმით დგინდება.
ჩვენ კი, საკუთარ ენერგოსისტემას ჩაკეტილად ვუყურებთ და ნაჭუჭში ვვითარდებით. ჩვენთან ასეთი გადასვლა რთულია, რადგან აზერბაიჯანის მხრიდან ექსპორტს ერთი სახელმწიფო კომპანია ახორციელებს და ბაზარი, რომელთანაც დაწყვილება შეიძლებოდა, იქ არ არსებობს. ჩვენ შორს ვართ ამისგან. როცა ვამბობთ, რომ გვინდა „ენერგეტიკული ჰაბი" გავხდეთ, გაურკვეველია, რას ვგულისხმობთ. ჰაბობა ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურასთან ერთად კომერციული ნაწილიც ვითარდება: ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის გამჭვირვალე განაწილება, საბაზრო ფასები და ბირჟა, სადაც მეზობელი ქვეყნების მონაწილეებიც ვაჭრობენ. ეს საქართველოს შემთხვევაში ჯერჯერობით არ ჩანს.
- საქართველოს რომც მოინდომოს ბაზრის ლიბერალიზაციის დაჩქარება, ჩვენი სამეზობლოს გათვალისწინებით, ეს გამოგვივა?
- რა თქმა უნდა. თურქეთის ბაზარი ევროპულ მოდელს იმეორებს: იქ ფუნქციონირებს ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე და დღიური ბაზრებით, ხოლო თურქეთის ენერგოსისტემა კონტინენტური ევროპის ქსელთან სინქრონულად მუშაობს. ასევე გვაქვს შავი ზღვის კაბელის პროექტი. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების ოქმის მიხედვით, ევროპული ტრანსსასაზღვრო წესები საქართველოზე მაშინ გავრცელდება, როცა ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ფიზიკურად დაკავშირდება. რუმინეთთან კაბელი სწორედ ასეთი კავშირი იქნება, ამიტომ როდესაც ის აშენდება, ეს მოთხოვნები პირდაპირ შეგვეხება და გვიანი იქნება იმ რეფორმების გატარება, რაც რუმინეთთან კომერციულ ვაჭრობას გულისხმობს. პირველი ნაბიჯები უკვე ცნობილია: 2027 წლისთვის დაგეგმილი საბალანსო ბაზრის ამოქმედება და დღით ადრე ბაზრის გაძლიერება, რომ მასზე მეტი მონაწილე ვაჭრობდეს. ამიტომ დასავლეთის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადასადგმელია.
- თქვენი აზრით, ითამაშა თუ არა როლი ამ ახალი სქემის შემოღებაში გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ხელმოწერილმა მემორანდუმმა?
- სრულიად შესაძლებელია. როდესაც ორი ქვეყანა ასეთ გრძელვადიან შეთანხმებაზე გადადის, უფრო ლოგიკურია, ურთიერთობა უშუალოდ სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე წარიმართოს და შუამავალი რგოლი საჭირო აღარ იყოს. შეთანხმება მხოლოდ საქართველოსთვის მიწოდებას კი არა, ტრანზიტსაც მოიცავს, ეს კი მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანში აქტიურად ვითარდება მწვანე ენერგეტიკა და ქვეყანას ევროპისკენ ექსპორტის ამბიცია აქვს. ეს მარშრუტი კი საქართველოზე გადის, თურქეთის ან შავი ზღვის კაბელის მიმართულებით. ეს დიდი შეთანხმებაც სწორედ ამ საერთო სურათის ნაწილია: საქართველო აზერბაიჯანისთვის არა მხოლოდ მყიდველი, არამედ სატრანზიტო ქვეყანაცაა.
- გაიაფდება თუ არა ელექტროენერგია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის?
- ტარიფის გაიაფება ვერ წარმომიდგენია. საყოფაცხოვრებო ტარიფი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: თავად ელექტროენერგიის ღირებულებისა და ქსელით მიწოდების ხარჯისგან. საყოფაცხოვრებო ტარიფს სემეკი წინასწარ ადგენს და ის საბითუმო ფასების ცვლილებებს პირდაპირ არ ასახავს. შუამავლის ჩახსნით მიღებული სხვაობა მხოლოდ ენერგიის ნაწილს ეხება და მოკლე პერსპექტივაში მოსახლეობაზე ვერ აისახება.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი მთავარი ფაქტორი ქსელის ნაწილი იქნება. ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით გამანაწილებელი ქსელი, დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. ელექტრომობილებისა და მზის სადგურების ქსელში ინტეგრაცია დამატებით წნეხს ქმნის: ქსელი უფრო მძლავრი უნდა გახდეს, მოხმარებული კილოვატსაათები კი, საკუთარი მზის პანელების გამო, შეიძლება შემცირდეს. ამიტომ რიგ ევროპულ ქვეყნებში ქსელის ხარჯი უკვე მხოლოდ მოხმარებული ენერგიით კი არა, სიმძლავრით, ანუ მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დატვირთვით, ანაზღაურდება (capacity charge). ამიტომ მომავალში ტარიფის შემცირების ტენდენციას გამოვრიცხავ.
- შეჯამებისთვის: შუამავლი რგოლის ჩახსნა კონკურენტულად ვის მოუტანს სარგებელს?
- პრემიერის მიერ დასახელებულმა მილიონებმა, შესაძლოა, საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე მოახდინოს ცვლილება, მაგრამ ისიც ძალიან მცირედით და უმნიშვნელოდ. ამ ცვლილებას პირველ რიგში ის ბაზრის მონაწილეები იგრძნობენ, რომლებიც ესკოსგან საბალანსო ელექტროენერგიას ყიდულობენ: მსხვილი მომხმარებლები და მიმწოდებლები, ძირითადად ზამთარში, როცა იმპორტი შემოდის. მოსახლეობამდე ეს ეფექტი, როგორც ვთქვი, პრაქტიკულად ვერ მიაღწევს. უფრო მნიშვნელოვანი სარგებელი კი შესყიდვის ჯაჭვის შემოკლება და პასუხისმგებლობის გამჭვირვალობაა.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში?
- არაპროფესიონალიზმს.
BM.GE
წყარო: bm.ge