მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ემბარგოდან ემბარგომდე - როგორ (ვერ) შეიცვალა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება 2006-2026 წლებში
ემბარგოდან ემბარგომდე - როგორ (ვერ) შეიცვალა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება 2006-2026 წლებში

ემბარგოდან ემბარგომდე - როგორ (ვერ) შეიცვალა ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება 2006-2026 წლებში

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 23:00|bm.ge

ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხასიათდებოდა. 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს ექსპორტის მკვეთრი შემცირება მოჰყვა, ხოლო 2013 წელს რუსული ბაზრის ხელახლა გახსნის შემდეგ ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, მიუხედავად ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისა, რუსეთი ქართული ღვინის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება, რაც სექტორს ამ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ქართული ღვინისა და სხვა სასმელების ნაწილის იმპორტი და რეალიზაცია დროებით აკრძალა. რუსული გამოცემა RBC-ის ინფორმაციით, შეზღუდვები რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციას შეეხო, მათ შორისაა „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ასკანელი ძმები“ და „ვაინმენი“. რუსეთის მარეგულირებელი გადაწყვეტილებას პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობით ხსნის.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს ოფიციალური დოკუმენტი და იქ შეზღუდვების მიზეზი ნათლად განმარტებული არ არის.

„რაც შეეხება კომუნიკაციას, არსებობს სათანადო არხები, მათ შორის სამინისტროს შესაბამისი რგოლი დაუკავშირდება თავის კოლეგებს. გავერკვევით ამ საკითხში და იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება შემობრუნდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს.

პრემიერისგან განსხვავებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში BMG-ის უთხრეს, რომ ორიგინალი დოკუმენტი არ უნახავთ. ამ დრომდე ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია არც სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს და არც ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს.

ამ ინფორმაციის ფონზე, „ბიემჯი“ დაინტერესდა, როგორ იცვლებოდა ქართული ღვინის ექსპორტი 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, რამდენად შემცირდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება და ექსპორტის ერთ ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია რა ეკონომიკურ რისკებს ქმნის.

2006 წლის ემბარგო და მისი შედეგები

ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, უხარისხობის მოტივით, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, აკრძალა.

იმ დროისთვის რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო. 2005 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება დაახლოებით 81.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 63 მლნ დოლარი რუსეთზე მოდიოდა. შესაბამისად, რუსეთის წილი ღვინის მთლიან ექსპორტში დაახლოებით 77.5% იყო.

რუსეთის ბაზრის დაკარგვას ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. 2006 წელს ექსპორტის ღირებულება 41 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2007 წელს 29 მლნ დოლარამდე დაეცა. ამგვარად, 2005 წელთან შედარებით, 2007 წლისთვის ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 64%-ით იყო შემცირებული.

მომდევნო წლებში ქართული ღვინის მწარმოებლები ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების ათვისებას ცდილობდნენ, თუმცა ექსპორტის აღდგენა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. 2008 წელს ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 37 მლნ დოლარი შეადგინა, 2009 წელს - 32 მლნ, ხოლო 2010 წელს - 41 მლნ დოლარი.

2011 წელს ექსპორტის ღირებულება 54 მლნ დოლარამდე, ხოლო 2012 წელს 65 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად ზრდისა, 2012 წლის მაჩვენებელი ემბარგომდელ, 2005 წლის დონეს კვლავ დაახლოებით 20%-ით ჩამორჩებოდა.

გრაფიკი 1: ქართული ღვინის ექსპორტი 2005-2012 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

რუსეთის ბაზარზე დაბრუნება 2013-2024 წლები

ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისიდან აღდგა, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

თუ 2012 წელს ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 65 მლნ დოლარს შეადგენდა, 2013 წელს მაჩვენებელმა 128 მლნ დოლარს მიაღწია. ამავე წელს რუსეთში 57 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 44%-ს შეადგენდა.

2014 წელს რუსეთში ექსპორტის ღირებულება 111 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რუსეთის წილმა მთლიან ექსპორტში 62%-ს მიაღწია. 2015 წელს ექსპორტი შემცირდა და რუსეთის წილიც 45%-მდე დაეცა. თუმცა მომდევნო წლებში რუსულ ბაზარზე ექსპორტი კვლავ იზრდებოდა. 2017 წელს რუსეთში 99 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა, 2019 წელს - 133 მლნ დოლარის, ხოლო 2021 წელს - 131 მლნ დოლარის.

განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის წილი 2022–2024 წლებში. 2022 წელს რუსეთზე ღვინის ექსპორტის 64% მოდიოდა, 2023 წელს - 65%, ხოლო 2024 წელს - 66%.

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ დაახლოებით 276 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 183 მლნ დოლარი რუსეთზე მოდიოდა.

შესაბამისად, 2013–2024 წლებში ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 116%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში ექსპორტის ღირებულება - 221%-ით.

ამავე პერიოდში დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტის ღირებულება 71 მლნ დოლარიდან 93 მლნ დოლარამდე, ანუ დაახლოებით 31%-ით გაიზარდა.

ამრიგად, მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის ბაზრის ხელახლა გახსნის შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ძირითადად სწორედ რუსეთის მიმართულებით ექსპორტის გაფართოებას უკავშირდებოდა. მიუხედავად სხვა საექსპორტო ბაზრების ათვისებისა, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რა შეიცვალა 2025–2026 წლებში?

2025 წელს საქართველოდან 268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 3%-ით ნაკლებია.

ქართული ღვინო მსოფლიოს 71 ქვეყანაში გაიყიდა, თუმცა მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი დარჩა. კერძოდ, რუსეთში ექსპორტის ღირებულებამ 171 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 64%-ია.

მეორე ადგილზე პოლონეთი იყო 17 მლნ დოლარით. შესაბამისად, რუსეთში ღვინის ექსპორტის ღირებულება პოლონეთის მაჩვენებელს დაახლოებით ათჯერ აღემატებოდა.

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება მაღალი დარჩა 2026 წელსაც. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 163.6 მლნ დოლარის ღირებულების 52 419 ტონა ღვინო გავიდა ექსპორტზე. აქედან რუსეთზე 102.2 მლნ დოლარი და 34 898 ტონა მოდიოდა. შესაბამისად, რუსეთის წილმა მთლიანი ექსპორტის ღირებულებაში 62.5%, ხოლო ფიზიკურ მოცულობაში 66.6% შეადგინა.

ამავე პერიოდში რუსეთში ექსპორტის ფიზიკური მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით, ხოლო ღირებულება 1%-ით შემცირდა.

გრაფიკი 2: ქართული ღვინის ექსპორტი 2013-2025 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელთან შედარებით რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში შემცირებულია, დამოკიდებულება კვლავ მაღალი რჩება. ემბარგომდე რუსეთზე ექსპორტის ღირებულების 77.5% მოდიოდა, 2025 წელს კი - დაახლოებით 64%. შესაბამისად, ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის წილი 13.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულების თითქმის ორი მესამედი კვლავ ერთ ბაზარზე მოდის.

ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2006 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც რუსეთის ბაზრის დაკარგვას ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. შესაბამისად, რუსულ ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია სექტორისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ რისკად რჩება.

ამასთან, საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიული კონცენტრაცია საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. ქართული ღვინის ექსპორტის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ისიც, რა საშუალო ფასად იყიდება პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ იცვლებოდა ეს მაჩვენებელი წლების განმავლობაში.

რა ფასად გადის ქართული ღვინო საექსპორტო ბაზრებზე?

ქართული ღვინის ექსპორტის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდული პროდუქციის მოცულობა და ღირებულება, არამედ საშუალო საექსპორტო ფასიც. ეს მაჩვენებელი საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, რამდენად შეიცვალა ქართული ღვინის ღირებულება საერთაშორისო ბაზრებზე და რა განსხვავებაა ძირითად საექსპორტო მიმართულებებს შორის.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ღვინის საშუალო ღირებულება 3.57 აშშ დოლარი იყო, 2025 წელს კი - 2.98 დოლარი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 16.5%-ით შემცირდა.

განხილულ პერიოდში ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 2014 წელს დაფიქსირდა და 3.93 დოლარი შეადგინა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ძირითადად კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. განსაკუთრებით მკვეთრი შემცირება 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი კილოგრამი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.51 დოლარამდე ჩამოვიდა. 2023 წლიდან ფასმა ზრდა დაიწყო და 2025 წელს 2.98 დოლარს მიაღწია, თუმცა 2013-2014 წლების მაჩვენებლებს კვლავ ჩამორჩებოდა. 2026 წლის იანვარ–აგვისტოში ერთი კილოგრამი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულებამ 3.12 დოლარი შეადგინა.

ცხრილი 1: ღვინის ფასი (კგ/ აშშ დოლარი)

განსხვავება საექსპორტო ბაზრებს შორის

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

2025 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე, რომელზედაც ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 64% მოდიოდა, ერთი ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 2.8 დოლარი იყო. პოლონეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2.4 დოლარს, უკრაინაში - 2.7 დოლარს, ხოლო ჩინეთში - 3.1 დოლარს შეადგენდა.

შედარებით მაღალი საშუალო ფასები ფიქსირდებოდა დასავლეთის ბაზრებზე. კერძოდ, გერმანიაში ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება დაახლოებით 4.7 დოლარი იყო, ხოლო აშშ-ში - 6.1 დოლარი. ამდენად, აშშ-ში საშუალო ფასი რუსეთის მაჩვენებელს დაახლოებით 2.2-ჯერ, გერმანიაში კი 1.7-ჯერ აღემატებოდა.

აღსანიშნავია, რომ საშუალო საექსპორტო ფასებს შორის განსხვავება არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ღვინო სხვადასხვა ბაზარზე განსხვავებულ ფასად იყიდება. მაჩვენებელზე გავლენას ახდენს პროდუქციის სახეობა, ხარისხობრივი კატეგორია, შეფუთვა და საექსპორტო ასორტიმენტი. ამასთან, უფრო მაღალი საექსპორტო ფასი ავტომატურად უფრო მაღალ მოგებას არ გულისხმობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით, ბოლო 7 წლის განმავლობაში, რუსეთში გატანილი 1 ლ ქართული ღვინის ფასი 2.30-დან 2.95 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამრიგად, რუსეთის ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექსპორტის გეოგრაფიული კონცენტრაციის, არამედ საექსპორტო ღირებულების თვალსაზრისითაც. ქართული ღვინის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარზე საშუალო ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ისა და გერმანიის მაჩვენებლებს.

ღვინის პოპულარიზაცია და რთველის სუბსიდირება - რაში იხარჯება მეტი თანხა?

ქართული ღვინის ექსპორტის განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისებისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად მილიონობით ლარს გამოყოფს. პარალელურად, მნიშვნელოვანი თანხები მიმართულია ყურძნის სუბსიდირებისა და რთვლის მხარდაჭერისკენ.

2013–2026 წლებში ღვინის პოპულარიზაციისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ჯამმა 133.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო რთვლის მხარდაჭერისთვის მითითებულმა თანხებმა -დაახლოებით 1.1 მლრდ ლარი. შესაბამისად, მეორე მიმართულებით დაფინანსება დაახლოებით 8.4-ჯერ მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამებს განსხვავებული მიზნები აქვს, დაფინანსების მასშტაბებს შორის სხვაობა თავისთავად აჩენს კითხვას, სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული მოდელი ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებას რამდენად უწყობს ხელს.

შეჯამება

ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება კვლავ მაღალი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ საქართველომ ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისა, 2025 წელს ღვინის ექსპორტის ღირებულების დაახლოებით 64% კვლავ რუსეთზე მოდიოდა. ეს გარემოება სექტორს რუსეთის მხრიდან შესაძლო სავაჭრო შეზღუდვების მიმართ მოწყვლადს ხდის.

ამასთან, ექსპორტის ზრდას საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა არ მოჰყოლია. 2013–2025 წლებში ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ღვინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 16%-ით შემცირდა. მიუხედავად ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო დაფინანსების ზრდისა, ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება. ხოლო რთვლის სახელმწიფო მხარდაჭერისთვის მიმართული თანხები ქართული ღვინის პოპულარიზაციის დაფინანსებას მნიშვნელოვნად აღემატება.

რუსეთის მიერ ქართული სასმელების ნაწილის იმპორტისა და რეალიზაციის შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ ბაზარზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ რისკებს. შესაბამისად, ქართული ღვინის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექსპორტის მოცულობის ზრდა, არამედ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და უფრო მაღალი ღირებულების ბაზრებზე დამკვიდრება, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასაიმედო სავაჭრო პარტნიორზე, როგორიც რუსეთია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბაზარზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის ახალ გამოწვევად იქცა - რამდენად მარტივად შეუძლიათ არასრულწლოვანებს ნიკოტინის ბალიშების შეძენა?რუსთავი 2
  • შსს: 553კგ ნარკოტიკული საშუალება განადგურდა, საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 34 მლნ-ზე მეტიაფორმულა
  • ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთიმედი
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
ბაზარზე →

მსგავსი სტატიები

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

BM.GE

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

BM.GE

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

BM.GE

ევროკავშირის სამიტზე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა

ევროკავშირის სამიტზე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა

BM.GE