მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?
სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

BM.GE11 აგვისტო, 2026, 17:15|bm.ge

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, მიზანია ქვეყნის გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება.

2024 წლის მონაცემებით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 11.8-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფატალური საგზაო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს სისხლის სამართლის საქმეებად რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 8 191 შეადგინა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 5 969-ს მიაღწია. ამავე წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 2.5%-ით იყო შემცირებული, ხოლო 2023 წელთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა.

სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრებაა. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე მონაკვეთებზე, გაგრძელდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესება და ახალი მოწყობილობების დამონტაჟება. ასევე იგეგმება ვიდეოკამერებით დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ქულების შემცირების სისტემის დანერგვაზე მუშაობა.

ამასთან, ხელისუფლება გეგმავს დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარისა და სიჩქარის გადაჭარბების ტოლერანტობის ზღვრის შემცირებას. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ სიჩქარის ლიმიტის შემცირება საკმარისი არ იქნება და პარალელურად საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სანქციების გამკაცრება, ქულათა სისტემის უფრო ეფექტურად გამოყენება, ცნობიერების ამაღლება და ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება.

განსაკუთრებული ცვლილებები იგეგმება სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე. სტრატეგიის მიხედვით, დაიწყება მუშაობა „სასკოლო ზონის“ სამართლებრივი ცნების განსაზღვრაზე და ასეთ ტერიტორიებზე ავტომობილებისთვის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის 30 კმ/სთ-მდე შემცირებაზე. ასევე გადაიხედება სასკოლო ზონებში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის ზღვარი.

გარდა ამისა, ეროვნული საავტომობილო გზების კონტროლის ცენტრის შექმნა და მისი ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემებით აღჭურვა იგეგმება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც.

ახალი ეროვნული სტრატეგია ეფუძნება საერთაშორისო აღიარებულ პრინციპებს, როგორიცაა „ნულოვანი დანაკარგის ხედვა“ (Vision Zero) და „უსაფრთხო სისტემის მიდგომა“ (Safe System Approach).

სტრატეგია მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას:

• საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტურობის გაზრდა: ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება და მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის (CADaS სტანდარტის) დანერგვა. • საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის გაუმჯობესება: სიჩქარის გადაჭარბების, ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობით მართვის და უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობის პრევენცია. • უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა: „შავი წერტილების“ იდენტიფიცირება და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. • ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოება: ავტოპარკისა და ტექნიკური ინსპექტირების ხარისხის გაუმჯობესება. • სწრაფი სამედიცინო დახმარება: საგზაო შემთხვევებისას გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების დროულობის უზრუნველყოფა.

მთავარი გამოწვევები და დაგეგმილი ცვლილებები

• სიჩქარის კონტროლი: კვლევებით დასტურდება, რომ სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სტრატეგიაში ხაზგასმულია არსებული 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის ზღვრის გადახედვისა და სიჩქარის ეფექტური მართვის აუცილებლობა, განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებსა და სკოლისპირა ტერიტორიებზე. • ახალბედა მძღოლები და ავტოსკოლები: სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების 18%-ზე მეტი 4 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით ხდება. იგეგმება მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებების (ავტოსკოლების) საქმიანობის რეგულირება, ინსტრუქტორთა სერტიფიცირება და სასწავლო პროგრამების სტანდარტიზაცია. • მოწყვლადი ჯგუფების დაცვა: 2025 წელს საგზაო შემთხვევებით გარდაცვლილთა 35%-ს ქვეითად მოსიარულეები შეადგენდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეითთა, ბავშვთა და ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლეთა უსაფრთხოებას. • აღსრულება და სანქციები: იგეგმება უსაფრთხოების ღვედის გამოყენების კონტროლის გამკაცრება (მათ შორის უკანა სავარძელზე) და ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით სამართალდარღვევებზე ქულათა ჩამოკლების სისტემის ეფექტური აღსრულება.

გარდა ამისა, იგეგმება L კატეგორიის, მათ შორის მოტოციკლებისა და მოპედების, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმისთვის საჭირო ღონისძიებების დაწყება.

სტრატეგია ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირების პროცესის გაძლიერებას, სატვირთო გადამზიდველების განებართვიანების დაწყებისთვის კვლევის ჩატარებას და პროფესიული მომზადების ეტაპობრივ დანერგვას საერთაშორისო და შიდა საქალაქთაშორისო გადაყვანებში ჩართული მძღოლებისთვის. ასევე იგეგმება ტრანსპორტის მენეჯერის ვალდებულების შემოღება.

საგზაო უსაფრთხოების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება 98.9 მილიონი ლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივლისში წლიური ინფლაციის 5.5%-მდე შენელება - Galt & Taggart-ის შეფასება

რამ განაპირობა ივლისში წლიური ინფლაციის 5.5%-მდე შენელება - Galt & Taggart-ის შეფასება

BM.GE

Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

BM.GE

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

სიჩქარის კამერები, რეგულაციები და დამოუკიდებელი სააგენტო - რა წერია საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიაში?

BM.GE