
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა - ამის შესახებ BM.GE-ის შსს-ში განუცხადეს.
პროფესიით იურისტი 2024 წლის ივლისიდან დღემდე შსს-ს წარმომადგენელი იყო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.
"სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიური გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.
სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.