მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სჯობს, პირდაპირ მისცე გლეხს ფული არა - ყურძნის მოყვანაში, არამედ - არმოყვანაში"|რომან გოცირიძე
"სჯობს, პირდაპირ მისცე გლეხს ფული არა - ყურძნის მოყვანაში, არამედ - არმოყვანაში"|რომან გოცირიძე

"სჯობს, პირდაპირ მისცე გლეხს ფული არა - ყურძნის მოყვანაში, არამედ - არმოყვანაში"|რომან გოცირიძე

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 18:21|bm.ge

პარლამენტის ყოფილი წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ყურძნის სუბსიდირება სახელმწიფო რესურსების უმოწყალოდ განიავებაა. ყოფილი პარლამენტარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც "რთველი 2026" მიმდინარეობას, ყურძნის შესყიდვის პირობებს და მევენახეების პროტესტს ეხმაურება. ის წერს, რომ სახელმწიფოს მიერ ყურძნის სუბსიდირება და ჭარბი თუ უხარისხო მოსავლის შესყიდვა მავნე პოლიტიკაა, რომელიც პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, მის ხელოვნურად გახანგრძლივებასა და ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების მსახურებას უზრუნველყოფს.

ეკონომისტის აზრით, სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ბაზრის ჩანაცვლება და ხელი შეუწყოს ისეთ აგროპოლიტიკას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხის გაზრდაზე, პროდუქტიულობაზე, გადამუშავების ეფექტიანობასა და თავისუფალი/კერძო ბაზრის განვითარებაზე, რათა მევენახემ რეალური საბაზრო ფასი მიიღოს.

რაც შეეხება მოკლევადიან ღონისძიებებს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს სურს გლეხის დახმარება, სჯობს, პირდაპირ მისცეს ფული (როგორც სოციალური დახმარება) იმისთვის, რომ არ მოიყვანოს ბაზრისთვის არასაჭირო ყურძენი, ვიდრე დააფინანსოს უსარგებლო წარმოების პროცესი.

ყოფილი დეპუტატის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ყურძნის სუბსიდირება სახელმწიფო რესურსების უმოწყალოდ განიავებაა.

ამ მავნე პრაქტიკამ განსაკუთრებული მასშტაბი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში შეიძინა.2008–2026 წლებში ყურძნის სუბსიდირებასა და ჭარბი მოსავლის სახელმწიფო შესყიდვა-გადამუშავებაზე დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შედის როგორც პირდაპირი სუბსიდიები, ისე სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებაზე გაწეული ხარჯები.

2008–2018 წლებში პირდაპირი სუბსიდიების მოცულობა ჯამში 175,8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო 2019–2026 წლებში ამ თანხამ დაახლოებით 1 მილიარდ ლარს მიაღწია.

აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

თუ პირდაპირ სუბსიდირებაში შეიძლება გარკვეული ეკონომიკური ლოგიკის დანახვა მაგალითად, მევენახეობის სექტორის დროებითი მხარდაჭერა კრიზისის პერიოდში-სახელმწიფოს მიერ უხარისხო ან ჭარბი ყურძნის მუდმივი შესყიდვა, მისი გადამუშავება და ამ პროცესზე დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა უკვე დანაშაულია. ამ გზით მიღებული პროდუქტი ბაზარზე არავის სჭირდება და “ჩაწოლილ” საქონლად იქცევა.

ეს აღარ არის უბრალოდ ფერმერის დახმარება, ეს არის სამუშაო ძალის მოცდენაც, რომელსაც შეეძლო ბაზარზე მოთხოვნადი სხვა საქონლის წარმოებაში დაეხარჯა თავისი შრომა.

ეს არის მავნე სისტემა, რომელშიც სახელმწიფო იღებს ბაზრის ფუნქციას საკუთარ თავზე: ყიდულობს პროდუქციას, რომლის რეალიზებაც თავისუფალ ბაზარზე შეუძლებელია; შემდეგ ხარჯავს დამატებით თანხას მის გადამუშავებაზე; წლების განმავლობაში ინახავს მიღებულ სპირტს და საბოლოოდ ახდენს ჩალისფასად მის რეალიზაციას ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებზე( მაგ. ბიძინა ივანიშვილის ძმაზე).

ანუ ჯერ ბიუჯეტიდან ვიხდით ყურძნის შესყიდვისთვის, შემდეგ მის გადამუშავებაში, შემდეგ-შენახვაში და ბოლოს ვიღებთ პროდუქტს, რომელსაც სიმბოლურ ფასად ვყიდით და დანახარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს ვიბრუნებთ უკან.

ამას სჯობს, პირდაპირ მისცე გლეხს ფული არა ყურძნის მოყვანაში, არამედ მის არმოყვანაში. ეს უკვე სუბსიდია კი არ იქნება, არამედ სოციალური დახმარება. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ნაყოფიერი მიწისა და ჯან-ღონით სავსე ადამიანების უსარგებლო საქმეზე მოცდენა. აწარმოო ის, რაც ბაზარს არ სჭირდება, აბსურდია.

ეკონომიკაში ამას პრობლემის გადაწყვეტა კი არა, პრობლემის საბიუჯეტო ხარჯით გადავადება ჰქვია.

უფრო მეტიც, ასეთი პოლიტიკა ქმნის ცუდ სტიმულებს. თუ მწარმოებელმა იცის, რომ ჭარბ ან უხარისხო პროდუქციას საბოლოო ჯამში სახელმწიფო მაინც ჩაიბარებს, ხარისხის გაუმჯობესების, მოსავლიანობის ოპტიმიზაციისა და ბაზრის მოთხოვნასთან ადაპტაციის სტიმული იკარგება.

საბოლოოდ სახელმწიფო აღარ ეხმარება ბაზარს-ბაზრის ჩანაცვლებას იწყებს.

და ეს ყველაფერი გადასახადის გადამხდელის, ჩვენი ფულით ხდება.

მევენახის დახმარება და არაეფექტიანი წარმოების სუბსიდირება ერთი და იგივე არ არის.

პირველი შეიძლება იყოს აგროპოლიტიკის დროებითი ნაწილი. მეორე კი, ქმნის დამოკიდებულებას სახელმწიფოზე და საბოლოოდ თავად აგროსექტორს ასუსტებს.

ამიტომ ყველა, ვინც ამ სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს-მევენახეების ხმების მოსაპოვებლად, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მინისტრი თუ დეპუტატი-პრობლემის გადაჭრას კი არ ემსახურება, არამედ პრობლემის გახანგრძლივებას.

განსაკუთრებით უცნაურია ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები სუბსიდიის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ და ახალი, პოპულისტური სქემების შეთავაზება.

რატომ? იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკა საბოლოოდ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური კაპიტალის შექმნის მექანიზმად მუშაობს.

ხელისუფლება ზრდის სუბსიდიას, გლეხი იღებს ფულს და პოლიტიკური დივიდენდიც, ბუნებრივია, იმასთან მიდის, ვინც ფული გასცა.

არავის ახსოვს, რამდენიმე თვის წინ რომელი ოპოზიციონერი რას ამბობდა. ყველას კარგად ახსოვს, ვინ მისცა ფული,, ამიტომაც რთველთან დაკავშირებული დღევანდელი პროტესტები, როგორი გულწრფელიც არ უნდა იყოს მონაწილეთა მოთხოვნები, ამავე სისტემის კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება.

სცენარი მარტივია: ხელისუფლება ამოიღებს დამატებით ფულს ბიუჯეტიდან, ცოტას მოუმატებს ყურძნის შესასყიდ ფასს, პრობლემა ერთი წლით გადაიწევს და მევენახეების ნაწილიც მადლიერი დარჩება.შემდეგ წელს კი ისევ იგივე. და ისევ. და ისევ.

ასე იყო და ასე იქნება, სანამ ყურძნის სუბსიდირების პოლიტიკა პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად პრობლემის დაფინანსებას ემსახურება.

ქვეყანას სჭირდება არა მუდმივად მზარდი სახელმწიფო ჩარევა, არამედ ისეთი აგროპოლიტიკა, რომელიც გაზრდის ხარისხს, პროდუქტიულობას, გადამუშავების ეფექტიანობასა და კერძო ბაზრის შესაძლებლობას, რომ მევენახეს პროდუქტის რეალური ღირებულება გადაუხადოს.

სხვაგვარად, ყოველწლიურად ერთი და იგივე ეკონომიკურ პრობლემას უბრალოდ უფრო დიდი თანხით “ვაგვარებთ”, თანხით, რომელსაც ხელისუფლება ჩვენი ჯიბიდან იღებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერი თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა

საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერი თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა

BM.GE

„ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება“ - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

„ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება“ - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

BM.GE

71 პრეზიდენტი, 45 პრემიერი... - ვინ ესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას?

71 პრეზიდენტი, 45 პრემიერი... - ვინ ესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას?

BM.GE

მიზანია საზღვაო/სარკინიგზო გამტარუნარიანობის გაორმაგება და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგება - მარიამ ქვრივიშვილი

მიზანია საზღვაო/სარკინიგზო გამტარუნარიანობის გაორმაგება და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგება - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE