
სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი კონტრაქტი მარტში დაფუძნებულ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა
განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვისთვის კონტრაქტს ჩინურ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან" გააფორმებს. კომპანია საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა და მისი დირექტორის თანამდებობას ლიუ ქსიაოლინ იკავებს, ქსიალონი საჯარო რეესტრში ასევე კომპანიის 100%-ის მფლობელია. კონტრაქტი ტენდერის გარეშე პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა.
"2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს.კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება.2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჯერჯერობით შესაბამისი კონტრაქტი არ არის ატვირთული. პროექტის ჯამური ღირებულება 45.6 მილიონ ლარს შეადგენს.
დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა ითვალისწინებს ჯამში 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვასა და მიწოდებას, რომელიც სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს 301 000 ერთეულს 2026 წლის 25 აგვისტომდე, მეორე — 600 000 ერთეულს 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე — 900 000 ერთეულს 30 ნოემბრამდე.
BM.GE
წყარო: bm.ge