
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.
უწყების თანახმად, ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა ხვალ, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
დეპარტამენტის ცნობით, პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ.
ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
BM.GE
წყარო: bm.ge