
სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გაგიკ წარუკიანი დააკავეს
სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გაგიკ წარუკიანი დაკავებულია. სომხური მედია ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ წარუკიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოში წარადგენენ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს ოფიციალურად ბრალი 9 ივნისს წარუდგინეს. მისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა, მაშინ, როცა მისი პარტია კვლავ ხმების ხელახალი დათვლის შედეგებს ელოდა. თუმცა გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ხმათა 3,893% მიიღო.
მედიის ინფორმაციით, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა გუშინ საღამოს დასრულდა. სარქისიანმა დააზუსტა, რომ წარუკიანს ბრალად ედება თაღლითობა და ფულის გათეთრება. მან განმარტა, რომ საქმე ეხება სომხეთ-ირანის პალატის საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც წარუკიანი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობას ცდილობდა.
„ამ დროის განმავლობაში, ირანის ზოგიერთმა მოქალაქემ ჩაიდინა ბოროტმოქმედება (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რის გამოც მათ წინააღმდეგ საჩივრები იქნა წარდგენილი. ამ უკანასკნელებმა, თავის მხრივ, თავად წარადგინეს საჩივრები ირანში და იქიდან მასალები აქ გადმოაგზავნეს. შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ირანული მხარის მასალებზე დაყრდნობით, სომხეთის სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს გაგიკ წარუკიანისთვის ბრალდებულის სტატუსი მიენიჭებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ის დაზარალებულად უნდა ყოფილიყო ცნობილი. გასაკვირია ის, რომ სომხეთი, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას თავისი მოქალაქის ინტერესები, ყველაფერს აკეთებს მის საზიანოდ“, - აღნიშნა სარქისიანმა და დასძინა, რომ ყველა ამ ქმედებას წარუკიანის მისამართით პირდაპირი მუქარა უძღოდა წინ.
„ჩხრეკის დროსაც კი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყობდნენ იმით, რომ დანაპირები შეასრულეს. საჯაროდ გაიცა მითითებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს წარუკიანის ქონებასთან დაკავშირებით. ყველა სამართალდამცავმა ორგანომ გადაწყვიტა მოქმედებების დაწყება სწორედ დღეს, რაც ნიშნავს, რომ მათ მითითებები ერთიანი ცენტრიდან მიიღეს“, - განაცხადა ადვოკატმა. წარუკიანის მეორე ადვოკატმა, ემინ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებს საქმესთან დაკავშირებული არანაირი ნივთი ან დოკუმენტი არ ამოუღიათ, ხოლო ის, რაც ამოიღეს, უკანონოდ იქნა ამოღებული. მან დასძინა, რომ ამასთან დაკავშირებით საჩივარს წარადგენენ.
BM.GE
წყარო: bm.ge