
სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე გაზარდა
სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით, 7%-მდე გაზარდა - ამის შესახებ ცენტრალური ბანკის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სომხური მედიის ცნობით, თანმდევი განაკვეთები იმავე ოდენობით გაიზრდება - როგორც კომერციული ბანკების მიერ ცენტრალური ბანკიდან მოზიდულ სესხებზე (ლომბარდული რეპო), ისე პირიქით, ცენტრალური ბანკის მიერ ბანკებიდან მოზიდულ სახსრებზე. პირველ შემთხვევაში განაკვეთი 8.5%-მდე მოიმატებს, მეორეში კი - 5.5%-მდე.
მანამდე აღინიშნა, რომ საქონელსა და მომსახურებაზე მოხმარების აქტიური ზრდა (მათ შორის ტურისტებისა და რელოკანტების ხარჯზე), ასევე იპოთეკური დაკრედიტების მოცულობის მატება ეკონომიკის გადახურების რისკებს ქმნის.
რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ცენტრალურ ბანკს მოთხოვნის გადაჭარბებული ზრდისა და ინფლაციური წნეხის შეკავება შეუძლია.
ცენტრალური ბანკის განაკვეთის ცვლილება ეტაპობრივად აისახება დაკრედიტებისა და დანაზოგების პირობებზე: მოსახლეობისა და ბიზნესისთვის სესხები შესაძლოა გაძვირდეს, ხოლო საბანკო დეპოზიტებზე სარგებელი გაიზარდოს. შედეგად, მოქალაქეებს მეტი სტიმული ეძლევათ, თანხა მიმდინარე მოხმარების ნაცვლად დაზოგვისკენ მიმართონ.
BM.GE
წყარო: bm.ge