
სომხეთში ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანს ასობით აქტივი დაუყადაღეს
სომხეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ოპოზიციონერ ლიდერსა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს, უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევის პროცესის ფარგლებში, ასობით აქტივზე შეზღუდვები დაუწესეს.
არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ანტიკორუფციული სასამართლოს განჩინებას ეფუძნება, პროცესს კი იძულებითი აღსრულების სამსახურში უკანონო ქონების ამოღებაზე პასუხისმგებელი სპეციალური დეპარტამენტი წარმართავს.
აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება აქტივების საბოლოო კონფისკაციას არ გულისხმობს, რადგან საკითხზე საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
ინფორმაციისთვის, სააღსრულებო ღონისძიებები 29 უძრავ ქონებას, 488 მოძრავ ნივთს, 33 სატრანსპორტო საშუალებასა და 27 კომპანიაში ცარუკიანის წილებს შეეხო. ამას გარდა, ყადაღა ოპოზიციონერ ლიდერთან დაკავშირებულ 40 იურიდიულ პირში არსებულ აქციებსა და ამ კომპანიების კუთვნილ ქონებაზეც გავრცელდა. პარალელურად, საგამოძიებო კომიტეტმა ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობაც დააყადაღა.
რაც შეეხება სევანის ტბის სანაპიროზე მდებარე უძრავ ქონებასა და ნაგებობებს, სააღსრულებო სამსახურმა სპეციალური შეზღუდვები ამ ობიექტებზეც დააწესა. დადგენილი წესით, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა აიკრძალა.
ცნობისთვის, გაგიკ ცარუკიანი სომხეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენად მიიჩნევა. ის ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დამფუძნებელია და მიმდინარე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ერთ-ერთ კონკურენტად მიიჩნეოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge