
„სოციალური დახმარება სატარიფო პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს“ - ენერგეტიკოსი გაზის საფეხურეობრივ ტარიფზე
ბუნებრივი გაზის საფეხურებრივი ტარიფის მოდელი, გარკვეულწილად, ეფექტიანია და მომხმარებელს რესურსის დაზოგვისკენ უბიძგებს, თუმცა სოციალური მხარდაჭერა სატარიფო პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა ლევან ფავლენიშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება სოციალური პოლიტიკის ფარგლებში უნდა ხდებოდეს და არა უშუალოდ კომუნალური მომსახურების ტარიფში სოციალური კომპონენტის ჩართვით.
„საერთოდ, უმჯობესია, რა თქმა უნდა, რომ სოციალური მხარდაჭერა იყოს სოციალური პოლიტიკის ნაწილი და არ იყოს სატარიფო გადაწყვეტილებების კომპონენტი, ანუ ადეკვატური დახმარება გაწეული იყოს მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე და არა ენერგეტიკულ ნაწილში“, – ამბობს ლევან ფავლენიშვილი.
ამასთან, ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ საფეხურებრივი ტარიფის მოდელს ერთიან ან ფიქსირებულ ტარიფთან შედარებით გარკვეული უპირატესობა აქვს, რადგან მომხმარებელს რესურსების დაზოგვისკენ უბიძგებს.
„საფეხურეობრივი ტარიფი მაინც, ალბათ, უკეთესია, ვიდრე ერთიანი ტარიფი. გარკვეულწილად, აბონენტებს ერთი მხრივ, დაზოგვისკენ მოუწოდებს ისეთ რესურსებზე, რომელიც ადგილობრივად წარმოებული არ არის და გაზი, ვიცით, რომ სრულად იმპორტირებულია“, – განმარტავს ენერგეტიკოსი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონი, რომლის მიხედვითაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას უფლება ენიჭება, სოციალური რისკების შემცირებისა და ტარიფების ეტაპობრივი ცვლილების მიზნით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყალმომარაგებისა (2036 წლამდე) და ბუნებრივი გაზის (2038 წლამდე) ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით, განსხვავებულად დაადგინოს.
BM.GE
წყარო: bm.ge