
"სპექტრი" დრონების მართვის პროგრამას ამუშავებს - მათე ტაკიძე
პროფესიული კოლეჯი „სპექტრი“ დროების მართვის საგანმანათლებლო პროგრამას ამუშავებს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ განუცხადა და იქვე დასძინა, რომ კოლეჯში ახალი პროგრამები შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ემატება.
მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულება სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროგრამა იქნება, რომელიც დრონების მართვასა და კლასიფიცირებას მოიცავს.
„ეს არ არის მხოლოდ მოყვარულის დონეზე, საქორწილო ან დაბადების დღეებისთვის გაკეთებული პროგრამა. საუბარია დრონების გამოყენებაზე სოფლის მეურნეობაში, მელიორაციაში, სატყეო მეურნეობასა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებში. ეს ტექნოლოგია ქვეყანაში უკვე შემოსულია, ბიზნესი ამაში ჩართულია და მათ შორის, ჩართულები არიან ექსპერტები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსაც ჰყავს; როცა ეს პროგრამა გაკეთდება, ბუნებრივია, მას სწავლების ძალიან მაღალი სტანდარტები უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს მათე ტაკიძე.
კოლეჯის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობენ, რასაც მოგვიანებით აღჭურვა, შესაბამისი პედაგოგებისა და ექსპერტების შერჩევა, სახელმწიფო ავტორიზაცია და სტუდენტების მიღება მოჰყვება.
როგორც მათე ტაკიძე აღნიშნავს, ბიზნესის მხრიდან პირდაპირი მოთხოვნის საფუძველზე „სპექტრმა“ უკვე აამოქმედა „სუსტი დენების“ პროგრამა [სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მართვა], სადაც სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე მიღებულია. გარდა ამისა, კოლეჯი უახლოეს მომავალში განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც გეგმავს პროგრამის გაშვებას.
„განახლებადი ენერგიების ლაბორატორია უკვე დამონტაჟებულია და გაკეთებულია, უბრალოდ, სჭირდება ინსტალირება და შესაბამისი პროგრამული დამტკიცების გავლა. ყველა ეს პროგრამა არის ბიზნესიდან ნაკარნახევი. ბიზნესი მოდის და გეუბნება: მე ამაში ინვესტიციას ვდებ, მზად ვარ აგიწყო ლაბორატორია, მზად ვარ დაგეხმარო სპეციალისტებით, მოდი, გავაკეთოთ პროგრამა სახელმწიფოსთან ერთად; ბიზნესი როცა ამ დონეზე ცივილიზებულად აზროვნებს და იქცევა, ეს საუკეთესო პროცესია, რადგან კერძო სექტორი ყველაზე სწორად ხედავს საჭიროებებს“, - განმარტავს კოლეჯის დირექტორი.
ამასთან, „სპექტრის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლების წარმატებისთვის კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება.
„სანამ არ ჩაერთვება ბიზნესი, სანამ ერთ ენაზე არ ისაუბრებს პროფესიული განათლება და ბიზნესი, ჩვენ დავშორდებით ერთმანეთს ანუ მათი ხედვა და ჩვენი ხედვა უნდა ემთხვეოდეს. ჩვენ თუ სპეციალისტი ვერ გავუზარდეთ ისეთი, როგორიც კონკრეტულ ბიზნესს სჭირდება, ის, რა თქმა უნდა, კადრს ვერ დაასაქმებს“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ „წერტილში“ სტუმრობისას.
BM.GE
წყარო: bm.ge