
სპირტიანი სასმელების უმსხვილესმა ექსპორტიორმა ბოლო 2 წელიწადში ₾258 მილიონის დივიდენდი გასცა
საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია ჯგუფი Bolero & Company-ი, რომელიც ქვეყანაში წარმოებეული ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტს იბარებს. ჰოლდინგი ძირითადად ექსპორტზე არის ორიენტირებული და მისი პროდუქციის უდიდესი ნაწილი რუსეთის ბაზარზე იყიდება. ჯგუფის დამფუძნებელი და მფლობელია ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი.
ჯგუფის შემადგენლობაში არსებულმა ბრენდის მწარმოებელმა კომპანია "კ და ქართულმა სპირტმა" 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბოლო ორ წელში კომპანიამ მის დამფუძნებელზე 258 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა, ხოლო 2026 წლის დასაწყისში კი დამატებით 25.7 მილიონი ლარის დივიდენდი, რაც 2024-2026 წლებში ჯამურად 284 მილიონ ლარს აჭარბებს.
უფრო დეტალურად, 2024 წელს კომპანიის შემოსავალი 368 მილიონ ლარს, მოგება კი 182 მილიონ ლარს აღემატებოდა. ამ წელს "კ და ქართულმა სპირტმა" დივიდენდის სახით დამფუძნებელზე - ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილზე 142 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა. 2025 წელს კი კომპანიის შემოსავალი 325 მილიონი ლარი, მოგება კი 133 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ამ წელს კომპანიამ დივიდენდის სახით 116 მილიონი ლარი გასცა, 2026 წლის დასაწყისში კი დამატებით 25.7 მილიონი ლარის დივიდენდი.
ჯერჯერობით Bolero-ს ჯგუფიდან 2025 წლის ფინანსური ანგარიში მხოლოდ "კ და ქართულ სპირტს" აქვს გამოქვეყნებული, 2024 წელს კი ჯგუფის შემადგენლობაში არსებული ყველა კომპანიის შემოსავალები ჯამურად 538 მილიონ ლარს, მოგება კი 208 მილიონ ლარს შეადგენდა.
"შპს „კ და ქართული სპირტი“ წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს „გრუზვინპრომი“, შ.პ.ს. GVMT Group, შპს BOLERO & COMPANY“ და ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი / ტერიტორია. ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს. სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ღვინისა და საკონიაკე სპირტის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია მასიურ მომხმარებელზე. ამისთვის კომპანია ატარებს საქმიანობის სრულ ციკლს: გულდასმით შერჩეული ყურძნის შეძენიდან დაწყებული, ღვინისა და საკონიაკე სპირტის და საკუთარ რეზერვუარებში შენახვით დამთავრებული. პროცესის ყველა ეტაპი კონტროლდება კომპანიის გამოცდილი ტექნოლოგიების მიერ. ასევე სრულფასოვნად გადის ხარისხის კონტროლს, საქართველოსა და უცხოეთის ლაბორატორიებში,"- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
BM.GE
წყარო: bm.ge