
სტარტაპი, რომელიც მამონტის დაბრუნებას ცდილობს, $20-მილიარდად ფასდება
გადაშენებული ცხოველების აღდგენაზე მომუშავე ამერიკული სტარტაპი Colossal Biosciences-ი ახალი რაუნდის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს, რამაც კომპანიის საბაზრო შეფასება შესაძლოა $20 მილიარდიდან $30 მილიარდამდე გაზარდოს.
აღსანიშნავია, რომ Colossal-ის გარშემო ინვესტორთა ინტერესის ზრდა ტექნოლოგიების სექტორში არსებულ ბუმს უკავშირდება, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ გამოთვლითი სიმძლავრეების, ენერგეტიკისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მედიცინის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.
მიმდინარე წელს სტარტაპმა ხელოვნური კვერცხებიდან წიწილების გამოჩეკა წარმატებით განახორციელა, რაც გიგანტური მოას ჯიშის ფრინველის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამას გარდა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ლამმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ძუძუმწოვრებისთვის ხელოვნური საშვილოსნოს შექმნას გეგმავს, რაც მომავალში ადამიანებში გამოყენების პერსპექტივასაც აჩენს.
პარალელურად, ბიოტექნოლოგიური კომპანია აშშ-ის მთავრობასა და დუბაის „მომავლის მუზეუმთან“ თანამშრომლობს და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გენეტიკური მასალის საცავებს ქმნის. ამასთან, Colossal-იდან უკვე გამოეყო ორი დამოუკიდებელი მიმართულება: პლასტმასის დაშლაზე მომუშავე Breaking-ი და დნმ-ის ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Form Bio. და მაინც, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სტარტაპის მიღწევები რეალური სამეცნიერო პროგრესის ნაცვლად უფრო პიარ-სვლაა და გადაშენებული სახეობების აღდგენამ შესაძლოა ეკოლოგიური რისკები წარმოქმნას.
ცნობისთვის, Colossal Biosciences-ი ცნობილია მამონტებისა და სხვა გადაშენებული ცხოველების გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით აღდგენის პროექტებით. კომპანიის კვლევებმა შესაძლოა ფუნდამენტური როლი შეასრულოს ფარმაცევტულ სექტორში, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და სიცოცხლის გახანგრძლივების ტექნოლოგიების განვითარებაში. მაგალითად, სტარტაპმა უკვე შეძლო საზარელი მგლის დაბრუნება.
BM.GE
წყარო: bm.ge