
Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის 20 სტარტაპი Global Tech Weekend Tbilisi-ის სცენაზე წარდგა
20 ქართული სტარტაპი, რომლებმაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საკუთარი პროდუქტები Startupbootcamp Georgia-ს MVP პროგრამის ფარგლებში განავითარეს, Global Tech Weekend Tbilisi-ის სცენაზე წარდგნენ. შოუქეისის ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა საკუთარი გადაწყვეტილებები ინვესტორებს, კორპორაციულ პარტნიორებს, მენტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს. ღონისძიებაზე Startupbootcamp Georgia-მ MVP ეტაპის პირველი ნაკადის წარმატებული დასრულება აღნიშნა, უშუალოდ პროგრამა კი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
Startupbootcamp-მა - მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სტარტაპ აქსელერატორმა საქართველოში ოპერირება 2026 წლიდან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით დაიწყო. 2010 წლიდან მოყოლებული, Startupbootcamp-მა მსოფლიოს მასშტაბით 180-ზე მეტი პროგრამა განახორციელა, მხარი დაუჭირა 2,000-ზე მეტ სტარტაპს, რომლებმაც ჯამში 3.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს და 100-ზე მეტი წარმატებული ეგზიტი განახორციელეს.
Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი: Founder-Market Fit, MVP და Market Entry. თითოეული ეტაპი კონკრეტულ მიზანს ემსახურება - იდეის ვალიდაციითა და პროდუქტის შექმნიდან დაწყებული, მომხმარებლების ზრდს, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და ინვესტიციების მოზიდვით დამთავრებული. მონაწილეები პროგრამას სწორედ იმ ეტაპზე უერთდებიან, რომელიც მათი სტარტაპის განვითარების ფაზას შეესაბამება, და მთელი პროცესის განმავლობაში იღებენ პრაქტიკულ მენტორინგს, საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობასა და გლობალურ ქსელზე წვდომას. შესაბამის ეტაპებზე მათთვის ხელმისაწვდომია GITA-ს გრანტებიც - 50,000 და 150,000 ლარის ოდენობით.
Startupbootcamp Georgia-ს პროგრამამ პირველივე წელს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1,000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, რაც ქვეყანაში ინოვაციური მეწარმეობის მიმართ მზარდ ინტერესსა და საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამებზე მაღალ მოთხოვნას ადასტურებს.