
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია აღარაა ისე მოგებიანი, როგორც 2017-2018 წლებში იყო - ერეკლე კოკაია
Inn Group-ი საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში ახალ ინვესტიციებს აღარ ახორციელებს, რადგან დარგი ისეთივე მოგებიანი აღარ არის, როგორიც 2017-2018 წლებში იყო - ამის შესახებ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ BMGdrive-ის ეთერში განაცხადა.
ერეკლე კოკაიას განმარტებით, ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში ინვესტირებისთვის სტაბილურობის განცდა უმნიშვნელოვანესია, რაც დღეს გამოწვევას წარმოადგენს.
"სიმართლე გითხრათ, სიახლეები არ გვაქვს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურები ვიყავით, სულ რაღაცას ვამატებდით და ვაშენებდით, თუმცა ბოლო დროს ტემპი შევანელეთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, დღეს ამ ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელება მაინცდამაინც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია აღარ არის იმ დონეზე მოგებიანი, როგორიც, მაგალითად, 2017-2018 წლებში იყო.
ამ მიმართულებით ინვესტირება მაშინ არის სწორი და გონივრული, როდესაც გაქვს იმედი, რომ პროექტის დასრულებიდან ერთ-ორ წელიწადში კარგ შედეგს მიიღებ. სამწუხაროდ, თუ გავითვალისწინებთ იმ არასტაბილურობას, რომელიც ჩვენი დარგისთვის მომაკვდინებელია, ვფიქრობ, ჯობია, ჯერჯერობით ნებისმიერი ახალი ინვესტიციისგან თავი შეიკავოთ", - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
"Inn Group"-ის ხელმძღვანელი ყურადღებას საინვესტიციო უკუგების (ROI) პერიოდზეც ამახვილებს. მისი თქმით, თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 7 წელი იყო, დღეს პერიოდი მინიმუმ გაორმაგებულია.
"ჩვენთვის ხელსაყრელი იყო ის, რომ მშენებლობას თავად ვახორციელებდით. როდესაც პროექტს თავად აშენებ, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგი გაქვს, რადგან საინვესტიციო ნაწილს მეტად აკონტროლებ და ზრუნავ არა მხოლოდ მოგებაზე, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციაზეც. შესაბამისად, ხელსაყრელ პერიოდში – 2015 წლიდან 2018-2019 წლამდე – საქართველოში საინვესტიციო უკუგების პერიოდი საშუალოდ 7 წელიწადს შეადგენდა.
დღეს ეს პერიოდი საგრძნობლად არის გაზრდილი, მინიმუმ გაორმაგებულია და ზოგ შემთხვევაში ბევრად მეტიცაა. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც – მსხვილი, მილიარდიანი საინვესტიციო პროექტები, თუმცა ჩვეულებრივი, საშუალო ბიზნესის უკუგების პერიოდი (ROI) წესით 10 წელს არ უნდა აჭარბებდეს. თუ ეს ვადა 10 წელს სცდება, ჩვენი ინდუსტრიის შემთხვევაში, ალბათ სჯობს, არსებული რესურსი უბრალოდ ბანკში, დეპოზიტზე განათავსო. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია ეკონომიკისთვის, რადგან ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია ფულის ბრუნვა და თავისუფალი სახსრების ინვესტირება", - განმარტავს კოკაია.
სტუმარმასპინძლობის სექტორის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რეგიონული არასტაბილურობა და ტურისტული ნაკადების შემცირება სახელდება. კოკაიას თქმით, ბოლო პერიოდის კრიზისებმა საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები დააზარალა, როგორიც ისრაელი, ყურის ქვეყნები და ინდოეთია.
"როგორც კი უსაფრთხოების რისკები ჩნდება, ადამიანები უფრთხილდებიან ფულს, ერიდებიან მოგზაურობას და პირველ რიგში უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. რეგიონში არსებული არასტაბილურობა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მაინცდამაინც კონკრეტულ ქვეყანაშია, ტურისტები მეზობელ სახელმწიფოებსაც ერიდებიან.
თუ ბოლო 5-10 წლის სტატისტიკას შევხედავთ, ისეთი ბაზრები, როგორიცაა ისრაელი, ყურის ქვეყნები და ინდოეთი, ჩვენს ტოპ-ათეულში შედიოდნენ. კრიზისმა, რომელიც თითქოს მხოლოდ ისრაელ-ირანს უნდა შეხებოდა, რეალურად გავლენა ყურის ქვეყნებზეც მოახდინა; სამწუხაროდ, გაუქმდა პირდაპირი ფრენები საქართველოდან ინდოეთის მიმართულებითაც. ტოპ-10 ქვეყნიდან სამი ბაზარი გამოგვაკლდა. ეს ნაკადები თანაბრად არ არის გადანაწილებული – ამ სამ მიმართულებას ბაზრის 25% ან მეტი ეკავა. შესაბამისად, ამას გავლენა ჰქონდა, თუმცა ეს გავლენა ყველა რეგიონზე თანაბრად არ ასახულა", - აცხადებს იგი.
როგორც Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, შექმნილი ვითარება ყველაზე მწვავედ გუდაურის სასტუმროებზე აისახა, სადაც აღნიშნული სამი ქვეყნის წილი დამსვენებლების ნახევარზე მეტს შეადგენდა. მისივე თქმით, ახალი ბაზრების ათვისება ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესია, რომლის შედეგებიც მყისიერად არ დგება.
"ჩვენი ჯგუფის სასტუმროების მაგალითზე, შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად გუდაურზე აისახა, რადგან იქ ისრაელი, ინდოეთი და ყურის ქვეყნები ბაზრის 50%-ზე მეტს შეადგენდნენ. წარმოიდგინეთ, უცებ ეს 50% გაქრა და ამ დანაკლისის მოკლე დროში შევსება შეუძლებელია.
ბევრს ჰგონია, რომ ახალი ბაზრის ათვისება მარტივია – გაუშვებ რეკლამას და ტურისტები მაშინვე ჩამოვლენ. რეალურად, ეს ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ხანგრძლივი პროცესია. ჯავშნების მიღებას, როგორც წესი, მინიმუმ ნახევარი წლით ადრე ვიწყებთ, რასაც დიდი შრომა სჭირდება. სამაგიეროდ, ამ ჯავშნების გაუქმება სულ რაღაც 1-2 დღის საქმეა", - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge