მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუბსიდირება მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის მოტივაციას უკარგავს - გიორგი სამანიშვილი
სუბსიდირება მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის მოტივაციას უკარგავს - გიორგი სამანიშვილი

სუბსიდირება მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის მოტივაციას უკარგავს - გიორგი სამანიშვილი

BM.GE18 ივლისი, 2026, 15:51|bm.ge

"მოსავლის მართვის კომპანიის" ბოლო ფინანსური ანგარიში, რომელიც მრავალმილიონიან ზარალსა და ჩამოფასებულ მარაგებს ასახავს, კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის მეღვინეობის დარგში სახელმწიფო სუბსიდირების მიზანშეწონილობის საკითხს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი "ანალიტიკას" ეთერში აცხადებს, რომ არსებული მოდელი დარგს გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს, ხოლო "წარმატებული რთვლის" ილუზია გადასახადის გადამხდელებს ყოველწლიურად სულ უფრო ძვირი უჯდებათ.

გიორგი სამანიშვილის განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია არ არის დამოუკიდებელი ბიზნესსუბიექტი და მისი არსებობა მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული.

"სახელმწიფო ღვინის ბიზნესში მოგების მისაღებად არ არის ჩართული. მოსავლის მართვის კომპანია რეალურად მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ჩაიბაროს ის ჭარბი ყურძენი, რომელიც ბაზარზე არ იყიდება. ეს ცალსახად სოციალური და მეტწილად ემოციური მომენტია - მიზანია, მოსავალი არ გაფუჭდეს და არ გადაიყაროს.

ჩვეულებრივ საბაზრო პირობებში, თუ პროდუქტზე მოთხოვნა არ არის, მისი ფასი მკვეთრად ეცემა ან მოსავალი საერთოდ დაუკრეფავი რჩება, როგორც ეს ხდება ატმის ან სხვა კულტურების შემთხვევაში. თუმცა, ყურძნის მიმართ საზოგადოება განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რის გამოც სახელმწიფო ჭარბ მოსავალს ყიდულობს. თუ სახელმწიფო ყურძენს დაბალ, საბაზრო ფასად შეიძენდა, მევენახეები უკმაყოფილოები იქნებოდნენ, ამიტომ შესყიდვა ხელოვნურად მაღალ ფასად ხდება," - აღნიშნავს სამანიშვილი.

სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მაღალ ფასად შესყიდული ნედლეულისგან მიღებული პროდუქციის (სპირტის) რეალიზაცია საწყის ეტაპზევე განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან მისი თვითღირებულება საბაზრო რეალობას არ შეესაბამება.

"ვინაიდან ყურძენი ძვირად არის შესყიდული, მისგან წარმოებული სპირტის თვითღირებულებაც ბაზარზე არსებულ ფასზე გაცილებით მაღალია. კანონმდებლობა ავალდებულებს კომპანიას, პროდუქცია პირველ აუქციონზე სწორედ თვითღირებულებით გამოიტანოს. ეს არის იაფფასიანი, დაბალი სეგმენტის სპირტი, რომელსაც მსოფლიო საბაზრო ფასზე ძვირად არავინ შეიძენს.

შესაბამისად, პირველი აუქციონები ყოველთვის ჩაიშლება. ფასი ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და ყველამ წინასწარ იცის, რომ საბოლოოდ ეს პროდუქცია გაცილებით იაფად გაიყიდება. სხვაობა პირველ გამოცხადებულ ფასსა და რეალურ გასაყიდ ფასს შორის არის ზუსტად ის ზარალი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი - ანუ საზოგადოება - რთვლის "წარმატებით" ჩასატარებლად იხდის. ადრე ეს პროცესი წლიურად 40-50 მილიონი ლარი გვიჯდებოდა, ახლა კი ხარჯი 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სახელმწიფო კომპანია მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ეკრანებიდან ვუყუროთ, როგორ ბედნიერად მიმდინარეობს რთველი", - ამბობს სამანიშვილი.

გიორგი სამანიშვილი ასევე მიუთითებს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში არ არის.

"თუ სახელმწიფო, ერთი მხრივ, ხელს უწყობს და აფინანსებს ახალი ვენახების გაშენებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ან ეხმარება მარნების მშენებლობას, ეს ნიშნავს, რომ მომავალში ამ სუბიექტებს კიდევ უფრო მეტი დახმარება დასჭირდებათ. ჩვენ უკვე იმაზე მეტი ყურძენი გვაქვს, ვიდრე ბაზარს შეუძლია აითვისოს.

ამასთან, ჭარბი მოსავლის მაღალ ფასად გარანტირებული შესყიდვით ჩვენ რეალურად ხარისხს ვაფუჭებთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მოსვლის მართვის კომპანიის ხედვა მაღალ საფასო სეგმენტში გასვლას გულისხმობს, არსებული სუბსიდირება მევენახეს ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის მოტივაციას უკარგავს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენს პოზიციებს ასუსტებს", - ამბობს ის BMG-ის ეთერში.

გიორგი სამანიშვილის აზრით, გამოსავალი პოპულიზმის გვერდზე გადადებასა და ბაზარზე სახელმწიფოს როლის მინიმიზაციაშია.

"სახელმწიფომ ჩარევა უნდა შეამციროს. რაც უფრო მეტად ვეხმარებით და ვასუბსიდირებთ, მით მეტ მოტივაციას ვქმნით, რომ კიდევ უფრო მეტი ჭარბი და დაბალხარისხიანი ყურძენი იწარმოოს. ჩარევის შემცირება მტკივნეული პროცესია და პოლიტიკოსებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არ უყვართ, თუმცა, თუ ამ გზას ავირჩევთ, დაახლოებით სამ წელიწადში ბაზარი თავად დაარეგულირებს წარმოებას და ჭარბი ყურძნის პრობლემაც მოიხსნება", - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა "მოსავლის მართვის კომპანიამ" 2025 წლის რეკორდული რთველის დასაფინანსებლად 121.9 მლნ ლარის საბანკო კრედიტი აიღო. კომპანიამ 240 მლნ ლარის სახელმწიფო სუბსიდირებით ჩაიბარა 145.7 ათასი ტონა ყურძენი, რაც მთლიანი მოსავლის 44%-ია.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემების გამო, 2025 წლის ბოლოს კომპანიის მარაგები 76%-ით (220.7 მლნ ლარიდან 52.2 მლნ ლარამდე) ჩამოფასდა. მსგავსი პრაქტიკა წინა წლებშიც ფიქსირდებოდა. 2026 წლის დასაწყისში გამართული სამი აუქციონი 10 მლნ ლიტრი სპირტის გასაყიდად, ფასის კლების მიუხედავად (80 მლნ-დან 64.8 მლნ ლარამდე), უშედეგოდ დასრულდა.

ჭარბი მოსავლის მიზეზია ვენახების ფართობის 81%-იანი ზრდა 2014 წლიდან 2024 წლის ბოლომდე (59.9 ათას ჰექტარამდე), რასაც გადამმუშავებელი სიმძლავრეები ვერ ეწევა. ამასთანავე, 2025 წელს შემცირდა ექსპორტიც: ღვინის - 3%-ით (267 მლნ დოლარამდე), ხოლო სპირტიანი სასმელების - 6%-ით (237 მლნ დოლარამდე).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მევენახეების მხარდასაჭერად ყურძნის შესყიდვა აუცილებელია, თუმცა დაგროვილი მარაგების რეალიზაცია კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ალმამ" "კრაკენში" 75%-იანი წილი გაყიდა - როგორია კრეატიული სააგენტოს გეგმები?

"ალმამ" "კრაკენში" 75%-იანი წილი გაყიდა - როგორია კრეატიული სააგენტოს გეგმები?

BM.GE

გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი

გახსნა 3 თვის წინაც შეგვეძლო, თუმცა სამუშაო არ აკმაყოფილებდა ხარისხს. გზა შეიძლება გაიხსნას ადრე, ან გაიხსნას სწორად - მინისტრი

BM.GE

როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე

როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე

BM.GE

დელეგაცია როტერდამის პორტში იყო, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს - ეკონომიკის სამინისტრო

დელეგაცია როტერდამის პორტში იყო, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE