
“სუვერენული სახელმწიფოების 75% პოლიტიკურად საქართველოზე უფრო სტაბილურია” – Fitch Ratings
Fitch Ratings-ის სუვერენული რეიტინგების დირექტორმა, გრეგ ქისმა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის შეფასებისას პოლიტიკური დაძაბულობის მოდელირებისა და მისი გავლენის შესახებ ისაუბრა. ექსკლუზიური ინტერვიუ Fitch Ratings-ის დირექტორთან და მთავარ ანალიტიკოსთან „ანალიტიკა“-მ ჩაწერა.
გრეგ ქისის განმარტებით, სარეიტინგო სააგენტო პოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებზე დაყრდნობით აფასებს. ინდექსი გლობალურად ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ფარავს და მათ 6 ქვეკომპონენტის მიხედვით 1-დან 100-მდე დიაპაზონზე ათავსებს.
ქისის თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა და ამ ქვეკომპონენტში ქვეყნის ქულა 25-ს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მმართველობის საერთო ქულა 50-ს ოდნავ აღემატება.
“ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სუვერენული სახელმწიფოების 75% პოლიტიკურად საქართველოზე უფრო სტაბილურია” - ამბობს Fitch Ratings-ის დირექტორი „ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომიტეტი მხოლოდ მიმდინარე მონაცემებით არ იფარგლება და ინდიკატორების დროში ევოლუციასაც ადევნებს თვალს: “ბოლო ორი წლის განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ქულა საკმაოდ მნიშვნელოვნად არის შემცირებული”.30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ამასთან, აგვისტოში S&P-მა საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა და "სტაბილური" მოლოდინი "პოზიტიურით" შეიცვალა.
BM.GE
წყარო: bm.ge