
სვანეთი უახლოვდება ენერგეტიკულ კოლაფსს - „ენერგო-პროს“ განცხადებას ავრცელებს
სვანეთის რეგიონი კვლავ უახლოდება ენერგეტიკულ კოლაფსს... განსახორციელებელია კომპლექსური სამუშაოები - ამის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც კომპანია მესტიის გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
მათი ინფორმაციით, მესტიამ აპრილში იმდენივე დენი მოიხმარა, რამდენიც საქართველოს 15-მა მუნიციპალიტეტმა ერთად.
„ენერგო-პროში“ მიიჩნევენ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი საბალანსო აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და გამრიცხველიანებაშია.
"მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ მძიმე მდგომარეობაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
რეგიონი კვლავ უახლოვდება ენერგეტიკულ კოლაფსს, რაც განპირობებულია ელექტროენერგიის კიდევ უფრო მზარდი მოხმარებით. 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს მოხმარება 7 %-ით გაიზარდა. ეს მართლაც იწვევს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გადატვირთვას. შესაბამისად, ავარიული გათიშვების ოდენობა და ხანგრძლივობა კიდევ უფრო მოიმატებს თუ არ მოხდა პროცესების მართვა ისე, როგორც სხვა ყველა რაიონში. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ზემო სვანეთის მოხმარება უნდა შემცირდეს 10-12-ჯერ.
ამისათვის, რა თქმა უნდა, განსახორციელებელია კომპლექსური სამუშაოები. საბოლოოდ ყველა მომხმარებლის მოხმარება უნდა გაანალიზდეს აღრიცხვის ინდივიდუალური საშუალებით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საბალანსო აღრიცხვიანობის მოწესრიგება და შემდეგ ინდივიდუალური გამრიცხველიანება
რა თქმა უნდა, საგულისხმოა და ხაზგასასმელია, რომ ყოველივე ეს გააუმჯობესებს თითოეული მოსახლის თუ კომერციული აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების ხარისხს და სტაბილურობას", - წერს კომპანია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 - მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად