მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სვანეთში ლიფსიტა კრიპტოფერმებია, ვეშაპები სხვაგან დაცურავენ"|რატომ უნდა აიკრძალოს მაინინგი თიზ-ებში?
"სვანეთში ლიფსიტა კრიპტოფერმებია, ვეშაპები სხვაგან დაცურავენ"|რატომ უნდა აიკრძალოს მაინინგი თიზ-ებში?

"სვანეთში ლიფსიტა კრიპტოფერმებია, ვეშაპები სხვაგან დაცურავენ"|რატომ უნდა აიკრძალოს მაინინგი თიზ-ებში?

BM.GE9 ივნისი, 2026, 15:59|bm.ge

პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) კრიპტომაინინგით დაკავებული კომპანიების საქმიანობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს.

"სვანეთში არიან ლიფსიტები და ღორჯოები. ვეშაპი კრიპტოსაწარმოები კი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს აფარებენ თავს და დიდ ზიანს აყენებენ ქვეყნის ენერგეტიკას...“ - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ხელისუფლების მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. „უკანონო კრიპტოფერმებთან“ ბრძოლა და რეგიონის გამრიცხველიანების დაანონსება იყო.

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად რომან გოცირიძემ სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია. მისი ინფორმაციით, თუ 2025 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მთლიანმა მოხმარებამ 130 მლნ კილოვატ საათი შეადგინა, მხოლოდ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა 752 მლნ კვტ/სთ დენი მოიხმარეს, რაც საქართველოს მთლიანი ელექტრომოხმარების 5%-ს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეგალური და არალეგალური მაინინგის ჯამური მოცულობა 2025 წელს 872 მილიონ კილოვატ საათს აღწევდა, რაც ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის, დაახლოებით, 6% იყო.

ელექტროენერგიის მოხმარების რა წილი მოდის საქართველოში ბიტკოინის გამომუშავებაზე - კომპანიების სია

ამ რიცხვებზე დაყრდნობით, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან მესტიაში რეიდების ჩატარება და მოსახლეობისთვის მაინინგის აპარატურის ჩამორთმევა სხვა არაფერია, თუ არა რეალური და გაცილებით მასშტაბური დამნაშავეების გადაფარვის მცდელობა.

„...ეს არის ლიფსიტები, მაგრამ ვეშაპები დაცურავენ. [...] სვანეთში ვეშაპები არ არიან, არის ლიფსიტები და ღორჯოები. ვეშაპები არის სწორედ გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ქუთაისის თავისუფალ ზონაში... მთავარი პრობლემა არის, რომ ყველა დიდი კრიპტოქარხნის უკან „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჩინოვნიკები დგანან“, - განაცხადა მან.

რომან გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ თავად მაინინგი, როგორც ტექნოლოგიური პროცესი, კანონიერი საქმიანობაა, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კრიპტოსაწარმოები უზარმაზარ ზიანს აყენებენ როგორც ენერგეტიკულ სექტორს, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას.

ყოფილი დეპუტატის არგუმენტები თიზ-ებში მაინინგის აკრძალვის სასარგებლოდ რამდენიმე პუნქტად იყოფა:

ნულოვანი ეკონომიკური ეფექტი და დამატებითი ღირებულება: „თიზ-ების შექმნის პირვანდელი იდეა იყო ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, წარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. მაინინგი კი არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის. მაგალითად, გლდანის თიზ-ის ტერიტორიაზე, რომელიც საფეხბურთო მოედნის ხელაა, სულ რაღაც 70 ადამიანია დასაქმებული. იქვე მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანი ბიუჯეტში იმაზე მეტ გადასახადს იხდის, ვიდრე ეს გიგანტური კრიპტოფერმა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტის ხარჯზე: საქმე ის არის, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კომპანიები გათავისუფლებულნი არიან დღგ-სგან და ყველა სხვა ძირითადი გადასახადისაგან. შესაბამისად, რომან გოცირიძის თქმით, ისინი სრულიად უსამართლოდ იღებენ 18%-ით შეღავათიან ელექტროენერგიასაც.

ენერგეტიკული დესტრუქცია და დამოკიდებულება რუსეთზე: რომან გოცირიძის განცხადებით, მაინინგით დაკავებული კომპანიები და კერძო პირები, ჯამში, 1 მილიარდ კილოვატ საათამდე დენსმოიხმარენ, რაც თბილისის მეტროპოლიტენისა და რკინიგზის ერთობლივ მოხმარებაზე ბევრად მეტია.

„ეს არის იმდენი ელექტროენერგია, რაც ჩვენ მივიღეთ შარშან რუსეთიდან. ანუ რუსეთიდან ვყიდულობთ ძვირ დენს, რომელსაც მოიხმარენ მაინინგფერმები. ამიტომაც უნდა აიკრძალოს თიზ-ებში კრიპტოვალუტის გამომუშავება შეღავათიანი ელექტროენერგიით “, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ „არასასათბურე, ნორმალურ საგადასახადო რეჟიმში ამ ბიზნესს არსებობა უბრალოდ არ შეეძლება“.

მისივე აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ამ სახის ეკონომიკური საქმიანობისადმი მიდგომა: „პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მათი ფუნქციონირება. თავად ეს ზონები უკიდურესად მახინჯი წარმონაქმნია“.

ყოფილი დეპუტატი იქვე დასძენს, რომ სვანეთშიც რომ არა „მუქთა ელექტროენერგია“, პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა.

„კრიპტოვალუტის ლეგალურად მოპოვება კრიმინალი არ არის; კრიმინალია ელექტროენერგიის ქურდობა და მისი არამიზნობრივი მოხმარება სხვის ხარჯზე“, - აღნიშნა მან ინტერვიუში და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედ ე.წ. მაინერებს მფარველები ყოველთვის ხელისუფლებაში ჰყავდათ, რის გამოც წლების განმავლობაში პრობლემის მოგვარებისკენ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

რომან გოცირიძის პოზიცია ცალსახაა - მესტიაში შექმნილი მდგომარეობა კანონის უგულებელყოფისა და არასწორი სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ამ მანკიერი სისტემის გამო, მხოლოდ ბოლო 7 წლის განმავლობაში სვანეთში კრიპტომომპოვებლებმა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგია მიიტაცეს.

ამ მასშტაბებს ადასტურებს უშუალოდ მუნიციპალიტეტის სტატისტიკაც: მესტიის მუნიციპალიტეტი, რომელიც თავისი რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 10 მილიონ კილოვატ საათს უნდა მოიხმარდეს, წლიურად 123 მილიონ კილოვატ საათზე მეტს ხარჯავს. ეს სხვაობა - 113 მილიონი კილოვატ საათი - არის პირდაპირ კრიპტოვალუტის წარმოებაზე მიმართული, მოპარული რესურსი.

ყოფილი დეპუტატის თქმით, თუ ამ დანაკარგს საყოფაცხოვრებო ტარიფით დავთვლით, ზარალი წელიწადში 30 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კომერციული (სამრეწველო) ტარიფით გაანგარიშებისას, ეს მაჩვენებელი 45 მილიონ ლარამდე იზრდება.

სწორედ ამიტომ, რომან გოცირიძემ გააკრიტიკა ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები, რომელთა დროსაც მხოლოდ 202 ერთეული მაინერი იქნა ამოღებული. მისი შეფასებით, ეს იყო ტიპური „ერთდღიანი საჩვენებელი აქცია“, სადაც სამართალდამცველები შეეხნენ მხოლოდ „უპატრონო“, ხელისუფლების ზურგის არმქონე წვრილმან პირებს, ხოლო რეალური „ბობოლები“ და წინასწარ გაფრთხილებული მსხვილი მაინერები კვლავ ხელშეუხებელნი დარჩნენ.

ამ კონტექსტში დეპუტატმა გაიხსენა 2021 წლის მოვლენებიც, როდესაც მესტიაში კრიზისის დასარეგულირებლად მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დადო ფიცი, რომ მაინერებს გამორთავდა, თუმცა - უშედეგოდ. რომან გოცირიძის თქმით, ეს პრეცედენტი ნათლად აჩვენებს, რომ ტრადიციული ან არაფორმალური მეთოდებით პრობლემის მოგვარება სამართლებრივი მექანიზმების გვერდის ავლით არ მუშაობს იქ, სადაც დიდი ფინანსური ინტერესია.

„ხატზე დაფიცებიდან რამდენიმე თვეში ენერგომოხმარება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ეკონომიკური სარგებელი რელიგიურ თუ მორალურ ბარიერებზე ძლიერი აღმოჩნდა. პრობლემის მოგვარება მხოლოდ მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოებით და კანონის უზენაესობით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

ამასთანავე, რომან გოცირიძეს სერიოზული კითხვები აქვს ხელისუფლების მიერ მაინერების კონფისკაციის სამართლებრივ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ის აშკარა პარადოქსს ხედავს იმაში, თუ როგორ ხდება ე.წ. დანაშაულის იარაღის ამოღება:

“მაგალითად მე, თუ სახლში, დავუშვათ, ვიპარავ ელექტროენერგიას... კომპიუტერი უნდა წამართვან, მაცივარი უნდა წამართვან თუ უთო? ან ტელევიზორი? ჩვეულებრივად დგას აპარატურა, სერვერი, რომელიც აკრძალული არ არის. ამ სერვერის ქონა საქართველოს არცერთი კანონმდებლობით არ ითვლება დანაშაულად. დანაშაულად ითვლება დენის ქურდობა… როდესაც ქარხანა მალავს გადასახადებს ან უკანონოდ მოიხმარს რესურსს, სახელმწიფო მას აპარატურას კი არ ართმევს, არამედ აჯარიმებს და სამართლებრივ სანქციებს აკისრებს. შესაბამისად, მაინერების პირდაპირ ამოღებას „არაკანონიერი სუნი ასდის“ და კანონის ზღვარზე გადის, თუმცა რეალობა იმდენად მძიმეა, რომ საზოგადოება ამაზე თვალს ხუჭავს“, - განაცხადა მან.

შესაბამისად, ხელისუფლების იმ ინიციატივას, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის კვლავ დარჩეს უფასო ელექტროენერგია, თუმცა „საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში“, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურებს კერძო ენერგოკომპანიას, რომან გოცირიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისი ხედვით, ენერგიის ნატურით სუბსიდირება თავისთავად მანკიერი პრაქტიკაა.

ყოფილი დეპუტატის ალტერნატიული ფორმულა მთლიანად სოციალური დახმარების მონეტიზაციას ეყრდნობა: მიუხედავად იმ რისკისა, რომ მოქალაქემ ეს ფული შესაძლოა სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს, რომან გოცირიძე თვლის, რომ ეს თავად ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა და სახელმწიფო უნდა გადავიდეს დახმარების პირდაპირ ფულად ფორმაზე, როგორც ეს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშია მიღებული.

საბოლოო ჯამში, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ კრიზისს წერტილი მკაცრი ეკონომიკური ბერკეტებით დაესმება: თიზ-ებში საგადასახადო პრივილეგიების გაუქმებითა და მესტიის სრული, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული გამრიცხველიანებით. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რეალური პოლიტიკური ნება, რათა სახელმწიფომ საკუთარი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ცალკეული ჩინოვნიკებისა თუ კერძო ჯგუფების ბიზნესინტერესებზე მაღლა დააყენოს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს

BM.GE

მაისში ჰესებს და მზის სადგურებს ელექტროენერგიის გამომუშავება შეეზღუდათ - GREDA მიზეზებზე

მაისში ჰესებს და მზის სადგურებს ელექტროენერგიის გამომუშავება შეეზღუდათ - GREDA მიზეზებზე

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები... – TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში FDI ჩაიდო

გაერთიანებული სამეფო, აშშ, ნიდერლანდები... – TOP-10 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში FDI ჩაიდო

BM.GE