
"თანაინვესტირების ფონდმა" "მკტვარი ჰესის" დირექტორად ჯუბო ტურაშვილი დანიშნა
"თანაინვესტირების ფონდმა" შესყიდვის შემდეგ "მტკვარი ჰესის" რეორგანიზაცია მოახდინა, ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია, რომელიც იქამდე შპს იყო სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, ამასთან შეიცვალა მენეჯმენტი და კომპანიის თანადირექტორად ჯუბო ტურაშვილი დაინიშნა, რომელიც 2025 წლის ივლისამდე ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
54-მეგავატიანი "მტკვარი ჰესი" თანაინვესტირების ფონდმა 2026 წლის მარტში კომპანია "ჰიდროენერჯიუსისგან" გამოისყიდა, რომელსაც ჰესი 2024 წლის ივლისში მიჰყიდა.
"მტკვარი ჰესმა" საცდელი ოპერირება 2025 წელს დაიწყო და ენერგოსისტემას 213 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, 2026 წლის იანვარ-მარტში კი უკვე 46.6 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. შესაბამისად, ჰესი ამჟამად მოქმედია და შემოსავალს გამოიმუშავებს.
2024 წელს "თანაინვესტირების ფონდი" აცხადებდა, რომ თავდაპირველად ჰესის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა ის გიორგი ბაჩიაშვილის, როგორც ფონდის CEO-ს არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად 236 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას ჰესთან დაკავშირებითაც მიმართა.
მტკვარი ჰესის პროექტის შესახებ:
თავდაპირველი შეფასებით, სამცხე-ჯავახეთში მდებარე 54-მეგავატიანი მტკვარი ჰესის აგება 140 მილიონ დოლარამდე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ის 100 მილიონი დოლარით გაძვირდა. სწორედ ამ გაძვირებას ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანობას უკავშირებდა.
თუმცა, 2017 წლის დასაწყისში ჰესის მთავარი ობიექტის - 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის დროს გვირაბი ჩამოიშალა, რამაც TBM აპარატის მიწაში გაჭედვა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დადგა, რაც ერთდროულად რამდენიმე საკითხს მოიცავდა - ალტერნატიული საინჟინრო პროექტის მომზადება და სახელმწიფოსთან შეთანხმება, სადაზღვევო და სამართლებრივი დავა და დამატებითი ფინანსების მობილიზების აუცილებლობა.