
TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
TAV Georgia-ს ორგანიზებით აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და საავიაციო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას TAV Georgia-ს მენეჯმენტი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, აეროპორტის უსაფრთხოების, საბაჟო და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ავიაკომპანიების, საწვავის მიმწოდებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების წლიურ ოპერაციულ მაჩვენებლებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ახალ მასშტაბურ პროექტსა და მიმდინარე ოპერაციულ საკითხებს დაეთმო. სხდომას ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ხელმძღვანელობდა.
წარდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. დღეისთვის არსებული პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 5,4(+) მილიონი მგზავრით ჩახურავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ წლის ბოლომდე 1,3 (+) მილიონიანი მგზავრთნაკადია მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ორივე აეროპორტის ჯამური მგზავრთნაკადი წლის ბოლომდე 6,7 მილიონს გადააჭარბებს. რეისების მხრივ კი წინასწარი გათვლებით თბილისში 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ბათუმში კი 12%-იანი.
გაფართოვდა მიმართულებების არეალიც: თბილისიდან რეისები სრულდება 80 მიმართულებით (62 სამგზავრო და 12 სატვირთო), ხოლო ბათუმიდან 41 მიმართულებით. 2026 წლის განმავლობაში თბილისში დღიურად რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა (206 რეისი), ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 16 აგვისტოს (23,483 მგზავრი). ბათუმში რეისების მხრივ რეკორდული იყო 3 სექტემბერი (118 რეისი), ხოლო მგზავრების რაოდენობის პიკი 13 აგვისტოს (11,005 მგზავრი) დაფიქსირდა.
ტრადიციული შეხვედრის ფარგლებში, TAV Georgia-მ გადაყვანილი მგზავრებისა და შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით, სხვადასხვა ავიაკომპანია დააჯილდოვა.
შეხვედრა სამუშაო დიალოგისა და სექტორში არსებული სამომავლო გეგმების განხილვით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში ტავ ჯორჯიას ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ტავ ჯორჯია უკვე 21 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა 2 საერთაშორისო საჰაერო კარიბჭე და შექმნა კვალიფიციური საკადრო რესურსი. კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე დაამკვიდრა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და ხელი შეუწყო კადრების კვალიფიკაციის ზრდას საქართველოს სააეროპორტო ინდუსტრიაში.
BM.GE
წყარო: bm.ge