მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “თავი არავისთვის დამიხრია, ისე მივიღეთ EU-ის კანდიდატის სტატუსი" - ღარიბაშვილი მეორე ვადით პრემიერობას აჯამებს
“თავი არავისთვის დამიხრია, ისე მივიღეთ EU-ის კანდიდატის სტატუსი" - ღარიბაშვილი მეორე ვადით პრემიერობას აჯამებს

“თავი არავისთვის დამიხრია, ისე მივიღეთ EU-ის კანდიდატის სტატუსი" - ღარიბაშვილი მეორე ვადით პრემიერობას აჯამებს

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 23:59|bm.ge

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მეორე ვადით პრემიერობას აჯამებს.

ის საუბრობს ეკონომიკურ მიღწევებზე. ამასთან, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვით" მიიღო.

"საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში:

ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა.

ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია - დემორალიზებული, გუნდი - დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35–37%-მდე იყო დაცემული. ასეთი ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე 2021 წლის 18 თებერვალს.

პრემიერად დანიშვნისთანავე, უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა, შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა, უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

პარალელურად გავხსენით დაკეტილი ეკონომიკა, ძლიერი ბიძგი მივეცით ბიზნესსა და ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდის პირობებში დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ინიციატივების განხორციელება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განახლების პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში გავშალეთ სამუშაოები.

იმავე წელს დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები. 43%-იანი ბარიერი დავძლიეთ და ავიღეთ 47%.

თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი. და ბოლოს, უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი.

ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით გაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი - ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო - საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.

ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ, ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ. მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-დან 38%-მდე.

მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.

მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.

სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით - მეათე ადგილზე. ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება. ქვეყნის შიგნით მიმდინარე სწრაფი განვითარების პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებდით.

სამ წელიწადში განვახორციელეთ 25 საგარეო ვიზიტი. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. წარმატებული ვიზიტები მქონდა ჩინეთში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში, ისრაელსა და იორდანიაში (უწმინდესის, ილია მეორის, კურთხევით, სამასი წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა წმინდა მიწაზე).

გავამყარეთ მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები რეგიონში. ბოლო პერიოდში პირველი მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა. ასევე, პირველად გაიმართა სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში.

და ბოლოს:

ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.

ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!",- აღნიშნულია წერილში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1 პროცენტიიმედი
  • „გადამაგდეს”, მოულოდნელად მაცნობეს, რომ 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში – ღარიბაშვილინეტგაზეთი
  • ღარიბაშვილი: ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის პოლიტიკურად განეიტრალებაფორმულა
  • ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, რომ ღარიბაშვილი დანებებას არ აპირებს - ინაშვილიტვ პირველი
ღარიბაშვილის →კანდიდატ →

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ უსაფრთხოების რისკების გამო ახალი მოდელი გააუქმა

OpenAI-მ უსაფრთხოების რისკების გამო ახალი მოდელი გააუქმა

BM.GE

"ბლექ სი არენას" სახურავი დაზიანებულია - მის აღდგენაზე უტენდეროდ ₾2.66 მლნ დაიხარჯება

"ბლექ სი არენას" სახურავი დაზიანებულია - მის აღდგენაზე უტენდეროდ ₾2.66 მლნ დაიხარჯება

BM.GE

შუა დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი - თამარ იოსელიანი

შუა დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი - თამარ იოსელიანი

BM.GE

"ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE