
თბილისის მერიის ცხელი ხაზის რეფორმა იგეგმება | 2026 წელს 367 000-მდე ზარი შევიდა
თბილისის მერია ცხელი ხაზის მუშაობის გაუმჯობესებას გეგმავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეფორმის მიზანი სერვისის მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა, მოქალაქეების პრობლემებზე რეაგირების დაჩქარება და ცხელი ხაზის გადატვირთვის შემცირებაა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და შესაბამის რეაგირებას ახდენენ, ცხელი ხაზის მუშაობაში კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია. კალაძემ საკითხზე მუშაობის დაწყება მერის მოადგილეს, კახა აბულაძეს დაავალა.
„დაგეგმილი გვაქვს ცხელი ხაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება. [...] არის გამოწვევები, რაც დასახვეწია. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმა, რათა კიდევ უფრო მოქნილი იყოს ცხელი ხაზი და კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ პრობლემების აღმოფხვრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, 2026 წელს მერიის ცხელ ხაზზე უკვე 367 000-მდე ზარი შევიდა, 2025 წლის განმავლობაში კი მათი რაოდენობა 465 423-ს შეადგენდა.
გასულ წელს შემოსული ზარებიდან 71 000-ზე მეტი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების საკითხებს შეეხებოდა, დაახლოებით 36 000 - მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას, ხოლო 63 000-მდე შეტყობინება ურბანული განვითარებისა და ტრანსპორტის მიმართულებით დაფიქსირდა. ინფრასტრუქტურულ საკითხებზე კი 48 000-ზე მეტი ზარი შევიდა, მათ შორის საგზაო სამუშაოების, მშენებლობისა და გამწვანების შესახებ.
კახა კალაძის განმარტებით, ცხელი ხაზის გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი ისეთი საკითხების გამო მიმართვიანობაა, რომელთა მოსაგვარებლადაც მოქალაქეებმა უშუალოდ მერიას ან შესაბამის რაიონულ გამგეობას წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ. ასევე, ფიქსირდება ზარები საკითხებზე, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებას არ შეესაბამება, მათ შორის ქონების პრივატიზაციის, კერძო დავების, მიწის რეგისტრაციისა და კულტურისა თუ სპორტის მიმართულებით.
დედაქალაქის მერის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ცხელი ხაზის ოპტიმიზაციასა და მოქალაქეებისთვის სერვისის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge