
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება - ეტაპები და ვადები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პროცესი 6 ივლისიდან დაიწყება - ამის შესახებ ცნობილი დედაქალაქის მთავრობის სხდომიდან გახდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგისტრაცია ელექტრონულად, სამ ეტაპად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge
რეგისტრაციის ეტაპები და ვადები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ეტაპი - მიზნობრივი ჯგუფები
პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. ამ პერიოდში რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
• თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; • თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; • თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; • თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; • სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; • იმ ბავშვების დედმამიშვილები, რომლებიც უკვე სწავლობენ იმავე ბაღში; • ბაღების თანამშრომელთა შვილები.
მეორე ეტაპი - თბილისში რეგისტრირებული ბავშვები
მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია
მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. ეს არის საყოველთაო რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, მათი რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე ან თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით.
BM.GE
წყარო: bm.ge