
თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital
2026 წლის სექტემბერში თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში გაიზარდა. კერძოდ, თბილისის სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები 24%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში ზრდამ 21% შეადგინა.
ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც თბილისში, აჭარასა და კახეთში არარეზიდენტების დანახარჯებს ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასტუმროებში საშუალო დანახარჯმა მიმდინარე წლის სექტემბერში 719 ლარი შეადგინა [2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 646 ლარი იყო]. რესტორნებში კი საშუალო დანახარჯი 71 ლარი (2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 85 ლარი) იყო.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, დედაქალაქის სასტუმროებში დანახარჯების მატებას ხელი შეუწყო როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობის ზრდამ, რაც შესაძლოა განთავსების გაძვირებით ან უფრო ხანგრძლივად დარჩენით იყოს განპირობებული. რაც შეეხება რესტორნებს, აქ დანახარჯების ზრდა ტრანზაქციების რაოდენობის მატებამ განაპირობა, თუმცა თითოეული გადახდისას საშუალოდ ნაკლები თანხა იხარჯებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge