
თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტებზე საერთაშორისო ტენდერების დასრულების ვადა 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული მონაკვეთები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით დაფინანსდება. ორივე ლოტის ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტებზე საერთაშორისო ტენდერები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 19 ივნისს გამოაცხადა. თავდაპირველი პირობებით, დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესის გამოხატვა 3 აგვისტომდე შეეძლოთ.
თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის, E60-ის, მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის მიზანია სატრანზიტო ნაკადების ზრდა, დედაქალაქში სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, მგზავრობის დროის შემცირება და რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება.
მეოთხე ლოტი დაახლოებით 8.7 კილომეტრის სიგრძის აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთს მოიცავს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მეხუთე ლოტის, ანუ ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. სამუშაოების დაწყებიდან მეოთხე ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეა, მეხუთე ლოტის — 20 თვე.
პროექტის მეორე და მესამე ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურებიც მიმდინარეობს. 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონი ლარია, წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერში არცერთ მონაწილეს 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი არ დაუფიქსირებია — წარმოდგენილი შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს, ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. მისი სავარაუდო ღირებულება 932 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარია, მაქსიმალური კი — 1.16 მილიარდი ლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge