
თბილისში 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი ბინები რამდენიმე თვეში გადაეცემა - სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კომისია კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება კი სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
"განსახლების ყველა პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარალელურად, დასკვნით ფაზაშია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
ამ ეტაპზე სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. იძულებით გადაადგილებულ 1600-ზე მეტ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები რამდენიმე თვეში გადაეცემა.
BM.GE
წყარო: bm.ge