
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნესსაბჭო დაფუძნდა - "მიზანი ბიზნესსექტორების თანამშრომლობის გაძლიერებაა"
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნესსაბჭო დაფუძნდა, რომლის მიზანიც საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა - ინფორმაციას ბიზნესმენი, „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ავრცელებს.
მისი თქმით, Georgia–Uzbekistan Business Council დაფუძნება ასევე ახალი პარტნიორობების შექმნას და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაძლიერებას ემსახურება.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ საბჭოს წევრი, როგორც აგროსექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ჩემი გამოცდილებით შევუწყო ხელი ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
მჯერა, რომ ეს ინიციატივები გახდება საფუძველი არაერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტისა და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკურ, საინვესტიციო და აგრარულ თანამშრომლობას”, - აცხადებს გიორგი სვანიძე.
ბიზნესმენის შეფასებით, თბილისში გამართულ საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე ქვეყნების ეკონომიკური და აგრარული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
მისივე ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში დღეს, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად უზბეკეთში ზეთისხილის კულტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს.
"მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაზიარებას, რაც საფუძველს შექმნის უზბეკეთში ზეთისხილის სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის პირველი შედეგები უკვე სახეზეა - 2025 წელს, ჩვენი მხარდაჭერით, უზბეკეთში წარმატებით განხორციელდა საპილოტე პროექტი და გაშენდა 10 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაცია, რომელმაც ორ ქვეყანას შორის აგრარული პარტნიორობის რეალური საფუძველი შექმნა", - წერს გიორგი სვანიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
