
„თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
„თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი ბრიტანული ბრენდის JCB-ს სააკრედიტაციო პროგრამის ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CIS) ქვეყნებისა და ჩრდილოეთ აფრიკის 10 სხვადასხვა სადილეროს ტექნიკური პერსონალი. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი და რეგიონული კადრების ლიცენზირება, რაც მათ სამომავლოდ ტექნიკური სწავლებების მშობლიურ ენაზე წარმართვის უფლებას აძლევს. სპეცტექნიკის მწარმოებლების მხრიდან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის რეგიონული ტრენინგი საქართველოში პირველად ჩატარდა.
ზვიად ახლოური, „გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი“: „სპეციალური ტექნიკის წამყვანი ბრიტანული ბრენდისJCB-სმიზანი ადგილობრივი კადრების მომზადება იყო, რომლებიც მომავალში ლოკალურად შეძლებენ ტრენინგების გამართვას. გარდა აკრედიტაციისა, ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ღირებულება გამოცდილების გაზიარებაა. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან ერთად შევქმენით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მუდმივად ვცვლით ინფორმაციას სპეციფიკური ტექნიკური შემთხვევების შესახებ. გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ეს ტრენინგი უპრეცედენტო იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა მოტორსი“ რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცა“.
ოთხდღიან ინტენსიურ სწავლებას JCB-ს პროფესიონალი ტრენერი ანდრე ბოზონი ხელმძღვანელობდა. პროგრამა მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე პრეზენტაციისა და ინფორმაციის გადაცემის უნარების ტესტირებას. კურსისა და ფინალური გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებმა, მათ შორის „თეგეტა მოტორსის“ ორმა წარმომადგენელმა - ალექსანდრე გიუნტერმა და დავით მეგრელიშვილმა, შესაბამისი გლობალური ლიცენზია მიიღეს, რაც მათ JCB-ს ტრენინგების დამოუკიდებლად ჩატარების უფლებას ანიჭებს. სამომავლოდ, აღნიშნული ტრენერები კონკრეტული სპეცტექნიკის მიმართულებით სპეციალიზებულ, ორკვირიან ტექნიკურ გადამზადებას დიდ ბრიტანეთში გაივლიან, რის შემდეგაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე კომპანიის მექანიკოსებს გაუზიარებენ.