
თელავის აეროპორტისა და რკინიგზის განვითარება - რას შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთისთვის
თელავის აეროპორტისა და რკინიგზის განვითარება კახეთის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის და რეგიონში გადაადგილებას გაამარტივებს. ამის შესახებ თელავში მდებარე სასტუმრო Holiday Inn Telavi-ის დამფუძნებელმა შალვა ერისთავმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, აეროპორტის განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ტურისტებისთვის თელავში ჩასვლას უფრო კომფორტულს გახდის. ერისთავის თქმით, სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესება დადებითად აისახება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმზე.
„პოპულარიზაციიდან დაწყებული, მარკეტინგულად რომ შევხედოთ და მერე ფიზიკურად ადამიანებისთვის - შიდა ტურიზმისთვის ხომ უკეთესია? ის უცხოელი რომ ჩამოვა, მაგალითად, თბილისში რომ ჩამოფრინდება და 100 კილომეტრში თელავში დაფრინავდა, იქიდან რაჭაშიც წავა. მე არ ვამბობ, რომ რევოლუციას მოახდენს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა ექნება“, - განაცხადა შალვა ერისთავმა.
სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, თელავის აეროპორტთან ერთად რკინიგზის განვითარებაც მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ორივე პროექტი რეგიონში სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს, განსაკუთრებით კი თელავისთვის.
„ჩემი აზრით, აეროპორტი და რკინიგზა საკმაოდ სერიოზულ გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით თელავისთვის. მერე რა მოხდა, ახლოს რომ არის თბილისი? რა თქმა უნდა, დამატებითი კომფორტია. ევროპაში 100 და 150 კილომეტრზე მატარებლით არ დავდივართ? ხომ დავდივართ? აქაც იგივე იქნება“, - აღნიშნა ერისთავმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი აეროპორტისთვის გათვალისწინებული თანხის ტურიზმის სხვა მიმართულებებში ინვესტირება, რათა რეგიონში არსებული გამოწვევები გადაჭრილიყო, ერისთავმა კონკრეტული ალტერნატივის შეფასებისგან თავი შეიკავა. ამასთან, მან ეჭვი გამოთქვა, რომ პროექტისთვის დასახელებული თანხები მშენებლობის ხარჯების გათვალისწინებით საკმარისი აღმოჩნდება : „დღევანდელი მშენებლობის ფასებიდან თუ გამოვალთ, რა ვიცი, არ მგონია, რომ ეყოს“, - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა.
თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ტენდერი 27 აგვისტოს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „ბილდკინგსმა“ მიიღო. კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 11.65 მილიონი ლარია, რაც სატენდერო პირობებით განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას 1.62 მილიონი ლარით ჩამოუვარდება. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს რეგისტრირებულ „ბილდკინგსში“ წილები შემდეგნაირად ნაწილდება: ლაშა რუხაძე - 40%, ნელი კალაძე - 40%, დავით კაპანაძე - 20%. კომპანიას ჯამურად 214.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. რეესტრის მიხედვით, მისი დირექტორები ლაშა რუხაძე და მურთაზ მებონია არიან. მებონია საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვეში უნდა დასრულდეს. ვადაში შედის სამუშაოების დასრულება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაც.
BM.GE
წყარო: bm.ge