
თელავის ახალი აეროპორტი და მესტიის ახალი ტერმინალი ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა | პრემიერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თელავის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. მთავრობის გეგმით, თელავის აეროპორტის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
"თელავის და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურ ასე ვთქვათ, განხორციელების ფაზაშია. 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის [განახლებული], ისე თელავის ახალი აეროპორტები, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი", - განაცხადა კობახიძემ.
2026 წლის სექტემბერში მესტიის ახალი ტერმინალის მშენებლობის 15 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი ჩავარდა. წინადადებების მიღების ვადაში [25-30 სექტემბერი] მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. პროექტის მიხედვით, მესტიის აეროპორტში 950 კვ.მ საერთო ფართობის ახალი, თანამედროვე საფასადე და შემინული სისტემებით აღჭურვილი ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შენობას ფუნქციურად უნდა მოეცვა მოსაცდელი და სარეგისტრაციო სივრცეები, ჩასხდომისა და მოფრენის დარბაზები, ბარგის მიღება-გაცემის ზონები, უსაფრთხოების კონტროლის ზონა და საოფისე ფართები. ასევე დაგეგმილი იყო 11 600 კვ.მ ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობა, პარკინგის ჩათვლით.
რაც შეეხება თელავის აეროპორტს, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ბილდკინგსმა" მიიღო. კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი 11.65 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1.62 მილიონი ლარით ნაკლებია.
ტენდერი თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.
BM.GE
წყარო: bm.ge