
Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი კიდევ ერთხელ დაიკითხა
ფრანგული მედიის ცნობით, Telegram-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაველ დუროვი მიმდინარე კვირას ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იკითხებოდა - საქმე კრიმინალურ ქმედებებში მისი აპლიკაციის შესაძლო გამოყენებასა და თანამონაწილეობას ეხება.
როგორც დუროვის ადვოკატები აცხადებენ, ბრალის წარდგენიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდებების საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
"საჩივრები შეტანილია როგორც საფრანგეთში, ასევე ევროპულ სასამართლო ინსტანციებში", - განაცხადეს ადვოკატებმა კრისტოფ ინგრენმა, რობენ ბენსარმა და გიიომ მარტენმა.
საქმესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ეს იყო მისი მეოთხე დაკითხვა 2024 წლის შემდეგ, როდესაც მას ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მთელი რიგი სამართალდარღვევებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და სასამართლო კონტროლს დაუქვემდებარეს.
საფრანგეთის მართლმსაჯულება რუსეთში დაბადებულ, საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის მქონე მილიარდერ მეწარმეს ედავება, რომ იგი მომხმარებელთა მხრიდან მესენჯერის უკანონო მიზნებისთვის გამოყენების წინააღმდეგ სათანადო ზომებს არ იღებდა, რაც მოდერაციის არარსებობასა და გამომძიებლებთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში გამოიხატებოდა.
2024 წლის დეკემბერში დუროვმა მოსამართლეებს განუცხადა, რომ 2013 წელს თავის ძმასთან ერთად Telegram-ი "კრიმინალებისთვის" არ შეუქმნია, თუმცა აღიარა, რომ მათი რაოდენობა, რაც პლატფორმაზე "მინიმალურ წილს" შეადგენს, "ასევე გაიზარდა".
2024 წლის აგვისტოს ბოლოს პარიზის ჩრდილოეთით, ლე ბურჟეს აეროპორტში დუროვის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნავენ, რომ Telegram-ის მხრიდან თანამშრომლობა გაუმჯობესდა.
"ერთადერთი, რაც საფრანგეთში ბატონი დუროვის დაკავების შემდეგ შეიცვალა, არის ის, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ Telegram-ისთვის ოფიციალური სასამართლო მოთხოვნების სწორად გაგზავნა დაიწყო", - განუცხადეს პლატფორმის წარმომადგენლებმა სააგენტო AFP-ს.
პარიზის პროკურატურამ ბოლო წლებში განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა ინტერნეტგიგანტების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში. Telegram-ის გარდა, გამოძიება უკვე დაწყებულია სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter), სტრიმინგპლატფორმა Kick-ისა და ვიდეოაპლიკაცია TikTok-ის მიმართ.
BM.GE
წყარო: bm.ge