
Temu-ს ტვირთებმა აეროპორტის ტერმინალებისა და გამტარუნარიანობის რესურსი შეამცირა - გიორგი ქოპილაშვილი
თბილისის აეროპორტის არსებული რესურსები თითქმის ამოწურულია. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ბაზარზე ჩინური პლატფორმა Temu გააქტიურდა - ამის შესახებ BMG-სთან UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ, აეროპორტების სატვირთო ტერმინალების გამტარუნარიანობა რჩება.
„ჩვენ, მაგალითად, ექსპრეს გზავნილების მიმწოდებელი კომპანია ორიენტირებული ვართ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, დილითვე დახარისხდეს ჩამოსული ტვირთები და მომხმარებლებს იმავე დღეს მიწოდოს. შესაბამისად, პატარა შეფერხებაც კი საყურადღებოა. რამდენიმე ექსპრეს გადამზიდი კომპანია ერთად იყრის თავს და თუ მოცულობა გადააჭარბებს იმ რაოდენობას, რომლის გამტარუნარიანობაც არ არსებობს, მომავალში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემას შექმნის.
როდესაც Temu-ს ტვირთების შემოსვლა დაიწყო საქართველოში, ამან საკმაოდ შეამცირა ტერმინალების და გამტარუნარიანობის რესურსი და გარკვეული სირთულეები შექმნა ოპერატიულობასთან მიმართებით. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ეს მოცულობები სერიოზული გამოწვევა არ არის, ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს საბაჟო კონტროლის პროცესიც და შემდგომ კონტროლიდან ტვირთების გამოტანა, თუმცა, ზრდის შემთხვევაში, აუცილებელია სატერმინალო რესურსისა და სივრცეების გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად“ - აცხადებს გიორგი ქოპილაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დახარისხების ცენტრების სიდიდე, რომლის რესურსი, თითქმის ამოწურულია. ამასთან, დახარისხება უფრო თანამედროვე პროცესებით წარიმართოს.
„ბოლო დროს, მნიშვნელოვანი დეტალები შეიცვალა საბაჟო მიმართულებითაც, გაუმჯობესდა ტვირთების იმპორტის დროს კონტროლი, შემდეგ დახარისხება. თუმცა, როდესაც ზრდისკენ მივდივართ, ეს რესურსები ამოწურვადია. როგორც აღვნიშნე, ~ გამტარი ტერმინალები ამას უზრუნველყოფს და აუცილებელი იქნება ამ რესურსის გაზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად“ - ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.