
თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე ბაია დავითაია სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისის" მფლობელი გახდა
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ მფლობელი შეიცვალა. 26 მაისის მოედანზე მდებარე სასტუმრო ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლის, ნანა (ბაია) დავითაიას მიერ დაფუძნებული კომპანია „დექსი გრუპის“ საკუთრებაში გადავიდა. ცვლილება საჯარო რეესტრში 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. მანამდე სასტუმრო „აჭარა ჰოსპიტალიტის“ საკუთრებაში იყო.
„ჰოლიდეი ინნ თბილისი“ საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია IHG-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო კომპლექსია. ობიექტი 252 ნომერს, რესტორანს, საკონფერენციო სივრცეებს, ღია საცურაო აუზს, სპა ცენტრს, სპორტდარბაზსა და პარკინგს აერთიანებს. კომპლექსის შემადგენლობაშია ასევე სამორინე „აჭარა“, რომლის მართვაც გრძელვადიანი იჯარით კომპანია „სანშაინს“ აქვს გადაცემული.
სასტუმრო კომპლექსი 3,800 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, ხოლო 21-სართულიანი შენობის შიდა ფართობი 21,360 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დექსი გრუპი“ ნანა დავითაიამ 2026 წლის 8 მაისს დააფუძნა. ის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. შესაბამისად, სასტუმროს საკუთრების ცვლილება ახალი კომპანიის დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში განხორციელდა.
„ჰოლიდეი ინნ თბილისის“ ფინანსური მაჩვენებლები „აჭარა ჯგუფის“ 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ცალკე წარმოდგენილი არ არის. დოკუმენტის მიხედვით, ჯგუფის სასტუმროების ერთობლივმა შემოსავალმა გასულ წელს 140.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 58%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში ჯგუფის წმინდა მოგება 25.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.
„აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი თემურ უგულავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2026 წლის 22 ივნისს, აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში გარდაიცვალა.
ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, 14 ივლისს, მისმა პირველმა რიგის მემკვიდრეებმა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები წარადგინეს. სანოტარო აქტის თანახმად, კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებად მითითებული არიან გეგა, ნუცა, სანდრო, ნოდარ, თეიმურაზ, ტოკიო მარგო და ლუკა უგულავები, რომლებიც დოკუმენტში თემურ უგულავას შვილებად არიან მოხსენიებული. სამი არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში განცხადებები მათმა კანონიერ წარმომადგენლებმა წარადგინეს, ერთ შემთხვევაში კი განცხადება მემკვიდრის მხარდამჭერმა შეიტანა.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, მემკვიდრეთა მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა.
ამ დროისთვის თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული ჯგუფის სხვა მსხვილი აქტივების, მათ შორის „თბილისი რუმსის“, „სტამბას“, „ფაბრიკას“, „ბათუმი რუმსისა“ და „ყაზბეგი რუმსის“ საკუთრების ცვლილება საჯარო რეესტრში არ ასახულა. თუმცა, 2026 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა მისი ერთ-ერთი აქტივი მუხიანის დასახლებაში მდებარე "რადიოქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიაზე გაასხვისა.
BM.GE
წყარო: bm.ge