
ტენდერებში ფასის ინდექსაციის მექანიზმი ამოქმედდა - რა წერია დადგენილებაში
საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში ფასების ინდექსაციის ახალი მექანიზმი დაამტკიცა.
აღნიშნული მექანიზმი სამშენებლო კომპანიებს პროექტების მიმდინარეობისას სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების გაძვირების ნაწილობრივ კომპენსირების შესაძლებლობას მისცემს.
შესაბამისი წესები 3 ივნისს მიღებული №245 დადგენილებით განისაზღვრა. აღნიშნული დაკავშირებულია გასულ კვირაში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონთან, რომელიც ტენდერში ფასის ინდექსაციის წესს განსაზღვრავს.
ახალი წესით, ფასების ინდექსაცია ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ავტომატურად არ გავრცელდება. მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომელთა შესრულების ვადა 12 თვეზე მეტია. ამასთან, ინდექსაციის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების დაწყებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, ფასების ცვლილების კომპენსაცია განხორციელდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის საფუძველზე. ინდექსაციისას ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება არ გადაითვლება – კორექტირება შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 60%-ს, ხოლო დანარჩენი 40% უცვლელი დარჩება.
ახალი რეგულაცია ითვალისწინებს როგორც ფასების ზრდის, ისე შემცირების შემთხვევებს. თუ სამშენებლო მასალებისა და სხვა კომპონენტების ღირებულება გაიზრდება, კონტრაქტორს დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება ექნება, ხოლო თუ ფასები შემცირდება, შესაბამისი კორექტირება ხელშეკრულების ღირებულების შემცირების მიმართულებითაც განხორციელდება.
ინდექსაციის საფუძველი იქნება საქსტატის სპეციალური დასკვნა, რომლის მისაღებადაც მიმწოდებელმა კომპანიამ სააგენტოს უნდა მიმართოს. სწორედ ეს დასკვნა დაადგენს კონკრეტულ პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე რამდენი ლარით უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს გადასახდელი თანხა.