
ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ფარული ვალის მოცულობა ბოლო ექვს თვეში 90%-ით, $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხა Google-ის, Microsoft-ის, Amazon-ის, Meta-სა და Oracle-ის ჯამური აქტივების 80%-ს შეადგენს.
ყველაზე დიდი ფარული ვალი კომპანია Google-ს აქვს და ეს მაჩვენებელი $1.05 ტრილიონს შეადგენს. რაც შეეხება Meta-ს, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით კომპანიის არასაბალანსო ვალდებულებები 90%-ით გაიზარდა და $810 მილიარდს მიაღწია. ამასთან, ტექნოლოგიურმა კომპანიამ ამერიკულ საინვესტიციო ფონდ BlackRock-თან ერთობლივი საწარმოს შექმნა დააანონსა და მონაცემთა ცენტრების საიჯარო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამას გარდა, Meta-მ სტარტაპ CoreWeave-თან 2032 წლამდე ღრუბლოვანი სერვისების შესაძენად $21-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა.
პარალელურად, ტექნოლოგიური კომპანიები მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად მომწოდებლებთან მრავალწლიან კონტრაქტებს აფორმებენ. ფარული ვალის 60% შეუსრულებელ შესყიდვებზე მოდის, ხოლო 40% მოიცავს იმ საიჯარო ვალდებულებებს, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა.
ზოგადად, ფარული ვალი ის ფინანსური ვალდებულებაა რომელიც კომპანიას ფონდების, ქვეკონტრაქტორების და შვილობილი ორგანიზაციების გავლით აქვს, თუმცა მას საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებაში არ აჩენს. ამ ტიპის ვალის ფარულობის მიუხედავად, მისი არსებობა ინვესტორებისათვის კარგად არის ცნობილი და ის აქციების ფასებში თითქმის სრულად არის ასახული.
BM.GE
წყარო: bm.ge